თბილისი, 22 თებერვალი — Sputnik. ვაშინგტონში რუსეთის წარმომადგენლობა იმედგაცრუებულია იმის გამო, რომ თბილისის მერე ვაშინგტონმაც დაადანაშაულა მოსკოვი ქართული ვებგვერდების წინააღმდეგ განხორციელებულ კიბერშეტევებში.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ვლადიმერ კონსტანტინიდმა ხუთშაბათს განაცხადა, რომ საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად ქართული მხარის მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციის ვებგვერდებზე და ქართული მედიის რესურსებზე კიბერშეტევა ორგანიზებული და განხორციელებული რუსეთიდან იყო.
თავის მხრივ, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ თავის საგანგებო განცხადებაში აღნიშნა, რომ საქართველოს ელექტრონულ ქსელებში რუსული ოფიციალური სტრუქტურების მხრიდან მავნებლური საქმიანობის კავშირის რაიმე მტკიცებულება არ არსებობს და არც შეიძლება არსებობდეს.
„სამწუხაროა, რომ მაღალი პროფესიონალიზმით ოდესღაც ცნობილი ამერიკელი დიპლომატები თავის საქმიანობაში სულ უფრო და უფრო ხშირად მიმართავენ ტაბლოიდი ჟურნალისტების მეთოდებს”, - ნათქვამია საელჩოს Facebook-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.
საელჩოში ასევე აღნიშნეს, რომ რუსეთი მზად არის დიალოგისთვის საერთაშორისო დღის წესრიგის ყველა აქტუალურ საკითხზე, რომელთა შორისაა საინფორმაციო უსაფრთხოების უზრუნველყოფა.
რუსეთმა არაერთხელ შესთავაზა დასავლეთის ქვეყნებს კიბერდანაშაულის წინააღმდეგ ერთობლივი ბრძოლა. როგორც რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანმა დმიტრი პესკოვმა აღნიშნა, რუსული ეკონომიკის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი სფეროები საზღვარგარეთიდან შეტევების ობიექტები ხშირად ხდებიან და შესაბამისი უწყებები ამას მუდმივად ებრძვიან. პესკოვმა ამასთან ერთად აღნიშნა, რომ რუსეთი არ არის და არასდროს ყოფილა დაკავშირებული კიბერდანაშაულთან.