თბილისი, 21 თებერვალი — Sputnik. საქართველოს კლინიკების ნაწილის წარმომადგენლებმა ვერ შეძლეს ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის დარწმუნება იმაში, რომ მათ უჭირთ ახალი ტარიფებით მუშაობა, ამის შესახებ მინისტრმა ტელეკომპანია TV Pirveli-ს ეთერში განაცხადა.
ჯანდაცვის სამინისტროს ხმაურიანი რეფორმა ტარიფების ერთიანი სისტემის შესახებ – რა იცვლება?>>
საუბარია №520 დადგენილებაზე, რომლის ფარგლებში სამედიცინო დაწესებულებებისთვის ტარიფების ახალი ერთიანი სისტემა ამოქმედდა. სიახლე პირველ ეტაპზე რეანიმაციულ განყოფილებებსა და კარდიოქირურგიას შეეხო. ახალი წესი ვრცელდება იმ სამედიცინო დაწესებულებებზე, რომლებიც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში არიან ჩართული. გარკვეულ კლინიკებს პაციენტებისთვის სამედიცინო მომსახურების წარდგენა იმ ტარიფებით უწევთ, რომლებიც ჯანდაცვის სამინისტრომ დაადგინა.
კლინიკების უმრავლესობა სამინისტროს ამ გადაწყვეტილების წინააღმდეგ გავიდა. მათი ხელმძღვანელების განცხადებით, ერთიანმა ტარიფმა სამედიცინო დაწესებულებები მძიმე ფინანსურ პირობებში ჩააყენა და პაციენტების მომსახურება გააუარესა.
შეიქმნა სპეციალური საბჭო, რომელშიც შევიდნენ ჯანდაცვის სამინისტროსა და კლინიკების წარმომადგენლები. საბჭოს შექმნის შემდეგ გავიდა ორი თვე, ჩატარდა ცხრა სხდომა, თუმცა, მხარეებმა მაინც ვერ შეძლეს კონკრეტულ შეთანხმებამდე მისვლა.
კლინიკებში აცხადებენ, რომ 520-ე დადგენილების გამო მათ უკვე მოუწიათ თანამშრომლებისთვის ხელფასების 25-30 პროცენტის მოჭრა, კადრების შემცირება, და მათ დღითიდღე უფრო უჭირთ მუშაობა.
ტიკარაძის განცხადებით, კლინიკებმა ვერ დაარწმუნეს ისინი, საჭიროა მეტი მტკიცებულებები, რადგან მათ უნდა მიიღონ გადაწყვეტილება სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფულის გამოყოფის შესახებ. ეს კი დიდი პასუხისმგებლობაა.
მისი თქმით, ნებისმიერი დაგეგმილი ცვლილება, მათ შორის, გახმაურებული 520-ე დადგენილება, გარკვეულ კვლევებს ეფუძნება.
მინისტრმა აღნიშნა, რომ კარდიოქირურგიისა და რეანიმაციის შემდეგ, ახალი ტარიფები დაწესდება სხვა შვიდ სამედიცინო მიმართულებაშიც, მათ შორის, ოფთალმოლოგიაში. რომელი მიმართულებები იქნება ეს, ცნობილი დაახლოებით ორ კვირაში გახდება, აღნიშნა ტიკარაძემ.
"ჩვენი მიზანი ტარიფების შემცირება არ არის. დღესდღეობით ჩვენი ამოცანაა დავადგინოთ ღირებულება", - განაცხადა ტიკარაძემ.
520-ე დადგენილებით ჯანდაცვის სამინისტრო დაახლოებით 60 მილიონი ლარის ეკონომიას გეგმავს. ხოლო მას შემდეგ, რაც ახალი ტარიფები ყველა მიმართულებას შეეხება. მთავრობა დაახლოებით 200 მილიონი ლარის გამოთავისუფლებას ვარაუდობს.
კლინიკები ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილების წინააღმდეგ და ბიზნეს-ომბუდსმენის დაპირება>>
ტარიფების ახალი ერთიანი სისტემა სამედიცინო დაწესებულებებისთვის 2019 წლის 21 ნოემბერს ამოქმედდა.
უფრო ადრე ჯანდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ დადგენილების ამოქმედება არ გადავადდება. თუმცა, უწყებაში შექმნილი სამუშაო ჯგუფი ტარიფების შეცვლაზე იმუშავებს.