საქართველოს პოლიტიკოსი ქალები ფემიციდის წინააღმდეგ

სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენელი ქალები აერთიანებენ ძალისხმევას ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ და საზოგადოებას აქტიურობისკენ მოუწოდებენ
Sputnik

თბილისი, 21 თებერვალი — Sputnik. საქართველოს სხვადასხვა პარტიების წარმომადგენელი პოლიტიკოსი ქალები აერთიანებენ ძალისხმევას ქალთა მიმართ ძალადობისა და მკვლელობის წინააღმდეგ და საზოგადოებას აქტიურობისკენ მოუწოდებენ.

ომბუდსმენი: 2020 წელს უკვე სამი ქალი გახდა ოჯახური ძალადობის მსხვერპლი >>

„ჩვენ, ქალები, პოლიტიკური პარტიების წევრები საქართველოში ფემიციდის გახშირებული შემთხვევების (სქესობრივი ნიშნით სიძულვილის ნიადაგზე ჩადენილი დანაშაული) წინააღმდეგ გამოვდივართ. ფემიციდი არის ქალთა მიმართ დისკრიმინაციისა და ძალადობის უკიდურესი ფორმა, რომელიც ქალის მკვლელობას გენდერული ნიშნით გულისხმობს. 2020 წლის პირველ თვენახევარში ფემიციდის სამი შემთხვევა უკვე დაფიქსირდა და ეს საგანგაშო სტატისტიკაა. ოჯახში ძალადობა, ისევე როგორც ქალთა მიმართ ძალადობა, არა მხოლოდ ქალების, არამედ მთელი საზოგადოების ტრაგედიაა. სანამ ქალებს ასე მარტივად კლავენ, ჩვენ ვერ ჩამოვყალიბდებით როგორც დემოკრატიული საზოგადოება, სადაც ყველა ადამიანი თანასწორია", - ნათქვამია განცხადებაში, რომელიც „Sputnik-საქართველოს“ პოლიტიკურმა პარტია „გირჩმა“ გაუგზავნა.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ამ პრობლემის საწყისები სქესებს შორის მწვავე უთანასწორობაშია, რომელსაც ფესვები აქვს გადგმული საზოგადოების მენტალიტეტში და რომლის დასაძლევად მხოლოდ კანონების მიღება საკმარისი არ არის.

სამტრედიაში ქმარმა ცოლს ყელი გამოსჭრა

„ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს არის საკითხი, რომლის გარშემოც ყველა პოლიტიკური აქტორი უნდა გაერთიანდეს და მათი კომპეტენციის და უფლებამოსილების ფარგლებში გადადგას შემდეგი ნაბიჯები: სახელმწიფომ ყველა განშტოებაში უნდა გააძლიეროს პრევენციული და ეფექტური პოლიტიკა. კონსტიტუციის მე-11 მუხლის თანახმად, სახელმწიფომ ქალებისა და მამაკაცებისთვის უნდა უზრუნველყოს თანაბარი უფლებები და შესაძლებლობები", - ნათქვამია განცხადებაში.

წერილის ავტორების თქმით, უნდა განხორციელდეს ფართო სპექტრის ღონისძიებები, რომლებიც ცხოვრების ყველა სფეროს მოიცავს.

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ უთანასწორობის წინააღმდეგ ბრძოლაში პასუხისმგებლობა საზოგადოების ყველა წევრს ეკისრება.

„ჩვენ მზად ვართ გავაძლიეროთ და გავატაროთ შიდაპარტიული, საჯარო ღონისძიებები, რათა ხელი შევუწყოთ თანასწორობის, როგორც ყველაზე მნიშვნელოვანი ღირებულების დამყარებას როგორც საკუთარ პარტიებში, ისე საჯარო პოლიტიკასა და საზოგადოებრივ პროცესებში”, - ნათქვამია განცხადებაში.

ღია წერილის ავტორები მიმართავენ მედიას, რელიგიურ ინსტიტუტებს, საგანმანათლებლო დაწესებულებებს, რომლებიც მნიშვნელოვან როლს ასრულებენ საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბებაში, განსაკუთრებული სიფრთხილით მოეკიდონ ქალების განზრახ მკვლელობის შესახებ თემების გაშუქებას.

საგანგაშო სტატისტიკა: 2019 წელს ოჯახურ ძალადობაში 4,6 ათასი ადამიანი დაადანაშაულეს

განცხადებას ხელი მოაწერეს საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის „ქალ ლიდერთა სკოლის" პროგრამის მონაწილეებმა - შემდეგი პარტიების წევრებმა: „გირჩი", „ევროპული საქართველო - თავისუფლების მოძრაობა", კონსერვატიული პარტია, „ლელო საქართველოსთვის", „პოლიტიკური პლატფორმა - ახალი საქართველო", „სამართლიანობისთვის" , „სამოქალაქო მოძრაობა", საქართველოს ლეიბორისტული პარტია, „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო".

ერთი დღით ადრე, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გამოაცხადა რომ მზად არის შეუერთდეს ქალთა განზრახ მკვლელობების წინააღმდეგ ბრძოლის პროცესს.

შემდეგ კვირაში იგი აპირებს შეხვდეს სახელმწიფო, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, რათა ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა დაიწყოს.