მოლაპარაკებები კრიზისშია: „ქართული ოცნება“ გამოსავალს ეძებს

საქართველოს საარჩევნო სისტემის შესაცვლელად სულ უფრო ნაკლები დრო რჩება, მოლაპარაკების პროცესი მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის კი კვლავ ჩიხშია
Sputnik

თბილისი, 21 თებერვალი — Sputnik. ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შესაძლო შეთანხმების მიღწევის ვადა ორ კვირაში იწურება, ვითარება კი უცვლელია - ოპოზიცია გაჯიუტებულია და მოლაპარაკებაზე უარს აცხადებს, მმართველი პარტია კი გამოსავალს ეძებს.

გადაწყვეტილება მიღებულია – გიორგი მარგველაშვილი აქტიურ პოლიტიკაში ბრუნდება

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ოქტომბერში უნდა გაიმართოს. მოქმედი კონსტიტუცია ითვალისწინებს საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას შერეული სისტემით, რომლის თანახმადაც, 150-დან 73 დეპუტატი ერთმანდატიან ოლქებში აირჩევა, დანარჩენი კი - პროპორციული სისტემით, მინიმალური 3%-იანი ბარიერის გადალახვის პირობებში.

ეს სისტემა კატეგორიულად მიუღებელია ოპოზიციისთვის, რომელსაც მიაჩნია, რომ მმართველი პარტია არჩევნებზე მთელ ძალაუფლებას გამოიყენებს ერთმანდატიან ოლქებში თავისი ხალხის გასაყვანად და შედარებით მცირე მხარდაჭერის პირობებშიც კი პარლამენტში უმრავლესობას მოიპოვებს.

ქვეყნის საერთაშორისო პარტნიორები საქართველოს ხელისუფლებას მიანიშნებენ, რომ 2020 წლის არჩევნები იქნება „ლაკმუსის ქაღალდი“ ქვეყანაში დემოკრატიის ხარისხის გასაზომად. მათი აზრით, საარჩევნო სისტემა ყველა მხარისთვის მისაღები უნდა იყოს.

თუმცა „ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის“ პარტიის ერთ-ერთი ლიდერის, გიგი უგულავას ციხეში დაბრუნების შემდეგ მოლაპარაკება საარჩევნო სისტემის საკითხზე მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის შეწყდა. 30-მდე ოპოზიციური პარტიის გაერთიანებამ მოლაპარაკების ფორმატზე უარი თქვა და ქუჩის აქციების რეჟიმზე გადაერთო.

საარჩევნო სისტემის შესაცვლელად და შესაბამისად, კონსტიტუციაში ცვლილებების შესატანად, მმართველ პარტია „ქართულ ოცნებას“ სჭირდება საპარლამენტო ოპოზიციის მხარდაჭერა, რომელიც ამჟამად სამ ფლანგადაა გაყოფილი: პარტია „ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის“ და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, რომლებიც გაერთიანებულ ოპოზიციაში შედიან, პარტია „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ და სოციალ-დემოკრატები, რომლებიც ხელისუფლებაში მოსახვედრად დანარჩენი ოპოზიციური პარტიებისგან დამოუკიდებლად იბრძვიან, და სწორედ საარჩევნო სისტემის თაობაზე უთანხმოების გამო „ქართული ოცნებიდან“ წასული დამოუკიდებელი დეპუტატები.

ოპოზიცია თბილისში მასშტაბური აქციის თარიღზე შეთანხმდა

კონსტიტუციაში ცვლილებების შესატანად აუცილებელია პარლამენტის შემადგენლობის 3/4-ის, ანუ 112 დეპუტატის თანხმობა. გაერთიანებული ოპოზიციის წევრებს - „ევროპულ საქართველოსა“ და „ნაცმოძრაობას“ – 32 მანდატი აქვთ. ამდენად, დამოუკიდებელი დეპუტატებისა და ორი ოპოზიციური ფრაქციის თანხმობის შემთხვევაში, „ქართული ოცნება“ კონსტიტუციის შესაცვლელად აუცილებელ ხმებს მოაგროვებს და დროშიც ჩაეტევა.

„ოცნების“ სურვილები და კულუარული თამაშები

„ქართული ოცნება“ მზადაა კომპრომისისთვის. იგი აცხადებს, რომ კონსტიტუციის შეცვლით ერთმანდატიან ოლქებს 50-მდე შეამცირებს და გაზრდის ადგილებს პარტიებისა და ბლოკებისთვის, რომლებიც საარჩევნო ბარიერს გადალახავენ. ამჟამად მას დაწყებული აქვს ინდივიდუალური მოლაპარაკებები პოლიტიკურ პარტიებთან მათი მხარდაჭერის მოსაპოვებლად.

„ჩვენ საარჩევნო სისტემის ჩვენებური ვარიანტი შევთავაზეთ – „100/50“, რომელიც ოპტიმალური ვარიანტია. მაგრამ კიდევ ერთხელ გავიმეორებ, არსებობს გარკვეული საკითხები, რომლებიც უნდა შეთანხმდეს დიალოგის გზით და არა ბრიფინგებით და ინტერვიუებით. შესაბამისად, დიალოგი მნიშვნელოვანია შეთანხმების მისაღწევად. ჩვენ მზად ვართ მთელ ოპოზიციასთან, მის წარმომადგენლებთან, ასევე ცელკეულ პარტიებთან შესახვედრად, რათა ინდივიდუალურად განვიხილოთ, რისთვის არიან ისინი მზად“, - განაცხადა მმართველი პარტიის გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ.

მერაბიშვილი: ოპოზიციაში ვიქნები

უკვე ცნობილია, რომ ამ განცხადებით „ქართული ოცნება“ არ შემოფარგლულა. პარლამენტის თავმჯდომარე და „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი არჩილ თალაკვაძე უკვე შეხვდა პარტია „ახალი პოლიტიკური ცენტრის - გირჩის“ ლიდერ იაგო ხვიჩიას.

როგორც ხვიჩიამ განაცხადა, შეხვედრის თემა იყო საარჩევნო სისტემა და ქვეყანაში არსებული დაძაბული სიტუაციიდან გამოსავალის ძიება, თუმცა კონკრეტული შეთნხმების მიღწევა ვერ მოხერხდა.

რატომ დაიწყო „ქართულმა ოცნებამ“ შეხვედრები „გირჩთან“  უცნობია, თუმცა თებერვლის დასაწყისში ამ პარტიის ლიდერები ღიად დაუპირისპირდნენ თანამებრძოლს, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელ გრიგოლ ვაშაძეს და მასთან ერთად მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომაზეც კი უარი განაცხადეს.

ამასთან, პარტია „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ Facebook-ის  გვერდზე გარკვეულწილად მინიშნება გააკეთა, რომ მმართველი ძალა აწარმოებს საიდუმლო მოლაპარაკებებს ცალკეულ პარტიებთან, „გირჩი“ კი უბრალოდ პირველია, ვინც ამგვარ შეხვედრაზე ღიად საუბრობს.

„გირჩის“ შემდეგ ხელისუფლებასთან კონსულტაციების შესახებ განცხადება პარტია „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ირმა ინაშვილმაც  გააკეთა.

„ყოველთვის ვესაუბრები ხელისუფლებასაც და უმრავლესობასაც. შევხვდი, ვხვდები და შევხვდები პარლამენტის თავმჯდომარეს საარჩევნო სისტემის თემაზე. არსებობს ფორმატი, სადაც ჩვენ ვხვდებით ელჩებს და იქაც განვაცხადე ამის შესახებ, რომ ვაწარმოებ მოლაპარაკებებს უმრავლესობასთან“, - განაცხადა ინაშვილმა.

მისი თქმით, „პატრიოტთა ალიანსს“ აქვს თავისი წინადადება საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით, რომელსაც ის ხელისუფლებას შესთავაზებს. ესაა 150 ადგილის გადანაწილება „135/15“ პრინციპით, არჩევნებში ყველა მოქალაქის სავალდებულო მონაწილეობა და ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებისთვის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაწესება.

„მთავარია, კონსენსუსს მივაღწიოთ. ხელისუფლებას აქვს ბერკეტები საბოლოო შეთანხმების მისაღწევად“, - აღნიშნა ინაშვილმა.

დაიშლება თუ არა გაერთიანება

დღესდღეობით, მიუხედავად ცალკეული პარტიების წარმომადგენლებთან მოლაპარაკებებისა, ოპოზიციური პარტიები თავიანთ ერთობაზე ღიად საუბრობენ.

„გირჩის“ შეხვედრა არ ნიშნავს ერთიანი ფორმატიდან გამოსვლას და რაც ყველაზე მთავარია, ოპოზიციის ერთობას, რომელშიც პრაქტიკულად მთელი ოპოზიციური სპექტრია წარმოდგენილი, არაფერი ემუქრება. მუშაობა კონსოლიდაციისთვის, კოორდინაციისთვის, არჩევნებისთვის მზადების კუთხით, გაგრძელდება“, - განაცხადა „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელმა გიორგი კანდელაკმა.

კალაძე: პოლიტიკური სპექტრი არ არის მზად, რომ ქვეყანაში პროპორციული არჩევნები ჩატარდეს

ამის პარალელურად, გაერთიანებული ოპოზიციის კიდევ ერთმა ლიდერმა, პარტია „ახალი საქართველოს“ თავმჯდომარე გიორგი ვაშაძემ აღნიშნა, რომ ახლა ოპოზიციურმა პარტიებმა გადაწყვიტეს რეგიონებში მუშაობა, რათა 4 აპრილის მასშტაბური საპროტესტო აქციისთვის მოემზადონ.

„პირველ ეტაპზე ჩვენ რეგიონებში ინდივიდუალურად გავემგზავრებით, შემდეგ - ერთად. 4 აპრილისთვის ვემზადებით. გვაქვს კონკრეტული გეგმა, როგორ მივიყვანოთ პროცესები ჩვენს გამარჯვებამდე“, - აღნიშნა ვაშაძემ.

ამავდროულად, ოპოზიციამ უკვე განაცხადა, რომ დღეს მოქმედი სისტემით არჩევნების ჩატარების შემთხვევაში, გეგმავს ერთიანი კანდიდატების წარდგენას ერთმანდატიან ოლქებში, რასთან დაკავშირებითაც უკვე მართავს კონსულტაციებს. ამგვარად, ვინ არის დაინტერესებული საარჩევნო სისტემის ცვლილებით და ვინ არის მზად კომპრომისისთვის, ეს თებერვლის ბოლოს გაირკვევა, როდესაც ამოიწურება კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის ვადა.