დიზაინერი პროფესიას იცვლის - როცა დირექტორი სავარძელში არ ჯდება ხოლმე...

მადო ხარატიშვილი - ეს სახელი და გვარი მოდისა და დიზაინის სფეროში კარგად იციან. მისი „ბიზნესი მაღალ ქუსლებზე“ ქვეყნის გარეთაცაა ცნობილი. თუმცა ბოლო დროს ისე აქტიურად ვეღარ არის მასში ჩართული და საამისოდ, როგორც სკოლაში იტყვიან, საპატიო მიზეზიც აქვს.
Sputnik

საქმე ისაა, რომ ქართველი დიზაინერი უკვე მეორე წელია, რაც პედაგოგიურ სფეროში საქმიანობს და სკოლა „კრწანისი- მარჯის“ დირექტორია. რომელი შემთხვევის წყალობით მოხვდა ის ამ პოზიციაზე და როგორ ეხმარება საკუთარი შემოქმედებითი ნატურა სიახლეების დანერგვაში, ამას მასალიდან შეიტყობთ.

დიზაინერი პროფესიას იცვლის - როცა დირექტორი სავარძელში არ ჯდება ხოლმე...

-ქალბატონო მადო, რატომ შეიცვალეთ საქმიანობის პროფილი?

- ეს ამბავი იქიდან დაიწყო, რომ მინდოდა ჩემი შვილი მიმეყვანა კარგ სკოლაში, რომელიც ახალ სახლთან ტერიტორიულად ახლოს იქნებოდა. ძებნის დროს შემთხვევით მივაგენით სკოლას „კრწანისი მარჯი“. გავიკითხეთ და აღმოჩნდა, რომ სკოლას კარგი რეკომენდაციები ჰქონდა. ჩემთვის მთავარი სკოლაში არსებული სწავლის დონე იყო. გადავწყვიტეთ, რომ ერთი წელი ბავშვი აქ გვეტარებინა და შემდეგ წელს სხვა სკოლაში გადაგვეყვანა. ბოლოს ისე მოგვეწონა, რომ გადასვლაზე ფიქრიც არ გვინდოდა.

დიზაინერი პროფესიას იცვლის - როცა დირექტორი სავარძელში არ ჯდება ხოლმე...

- დირექტორის პოზიციაზე როგორ აღმოჩნდით?

- დაახლოებით ორი წლის წინ სკოლა გარკვეული პრობლემების წინაშე დადგა, მის არსებობას საფრთხე შეექმნა. სწორედ იმ პერიოდში, ჩემდა გასაოცრად, დირექტორის პოზიცია შემომთავაზეს. სიმართლე გითხრათ, თავიდან ცოტა არ იყოს, დავფრთხი, იმიტომ, რომ ამ სფეროში შესაბამისი პედაგოგიური განათლება და პრაქტიკული გამოცდილება არ გამაჩნია. სკოლა ქალბატონმა ლალი ზარანდიამ დააარსა, თავისი არსებობის 25 წელს ითვლის. სწორედ ქალბატონმა ლალიმ შემომთავაზა, რომ დირექტორი გავმხდარიყავი. საკუთარი წინადადება იმით ახსნა, რომ მე ჩემს საქმეში წარმატებული შემოქმედებითი ადამიანი ვარ. ბევრი ფიქრის მერე, დავთანხმდი. ვინც კი ჩემი ამბავი გაიგო, ყველა გაოცებულები დარჩა.

დიზაინერი პროფესიას იცვლის - როცა დირექტორი სავარძელში არ ჯდება ხოლმე...

- როგორი იყო თქვენი პირველი ნაბიჯი?

 -პირველი რაც გავაკეთე ის იყო, რომ დავიარე კლასები და ბავშვებს დავუსვი ერთადერთი კითხვა: დირექტორი რომ იყოთ სკოლაში რას შეცვლიდით მეთქი? ბავშვებმა თავად მიკარნახეს ის გზა, რითიც შეიძლებოდა მდგომარეობის გაუმჯობესება, მათ ხომ ის ნიუანსებიც იციან, რომელსაც უფროსები შესაძლოა, ვერც ვამჩნევთ. მე მოვუსმინე მათ და ჩამოვწერე ყველაფერი. მათ ინტერიერი არ მოსწონდათ, ტექნიკური სიახლეების დანერგვა სურდათ და კიდევ ბევრი რამ. სურდათ, რომ სკოლაში მაგალითად, „სმართ დაფა“ ყოფილიყო. მე შეძლებისდაგვარად ყველას აზრი გავითვალისწინე. სხვათა შორის ჩვენს სკოლაში ბავშვებს ორჯერადი კვება აქვთ. მჯერა, რომ ეს სკოლა ცოტა ხანში საუკეთესო სკოლების ათეულში შევა.

დიზაინერი პროფესიას იცვლის - როცა დირექტორი სავარძელში არ ჯდება ხოლმე...

- ყველაზე მეტად რაში გეპარებოდათ ეჭვი და ახალ საქმიანობაში დიზაინერ მადო ხარატიშვილის გამოცდილება თუ დაგეხმარათ?

- არა მარტო მეპარებოდა ეჭვი და მეშინოდა კიდეც იმისი, რომ ახალი საქმის გამო ჩემი, როგორც დიზაინერის ძირითადი საქმიანობა უკანა პლანზე გადაიწევდა. ფაქტობრივად ასეც მოხდა, გადავიდა კიდეც, რადგან ეს ერთი წელი ჩემს საქმიანობაში დიდი ჩავარდნა იყო.

დიზაინერი პროფესიას იცვლის - როცა დირექტორი სავარძელში არ ჯდება ხოლმე...

- მოსწავლეებთან დაკავშირებით რაიმე განსაკუთრებული ამბავი ხომ არ გახსენდებათ?

- მახსენდება... სკოლაში გვყავდა ერთი არაჩვეულებრივი, გონებაგახსნილი ბიჭი, რომელიც მაშინ მერვე კლასში იყო. რაღაც პრობლემების გამო ისე მოხდა, რომ ჩვენამდე ხუთი სკოლა გამოიცვალა, ანუ ისე გამოვიდა, რომ ნახევარ წელზე მეტი არსად აჩერებდნენ. ერთ დღეს გადავწყვიტე, რომ გავსაუბრებოდი და ყველაფრის მიზეზი გამეგო. ვთხოვე ჩემთან მოსულიყო კაბინეტში. იმ დღეს მახსოვს, რომ ძალიან ბევრი და გულახდილად ვისაუბრეთ. ეს არ იყო დირექტორის მხრიდან ჭკუის სასწავლებელი საუბარი. ასეთ დროს ჩემს სავარძელში არ ვჯდები ხოლმე, მინდა, რომ მას მეგობრის პოზიციიდან ვესაუბრო. თქვენ წარმოიდგინეთ, ის დავარწმუნე იმაში, რომ გზა კრიმინალურ სამყარომდე ძალიან რთული, სახიფათო და საკმაოდ მოლიპულია... ალბათ ღმერთმაც მიშველა იმაში, რომ მისი დარწმუნება მოვახერხე. დღეს ეს ბიჭი ძალიან შეიცვალა და უკეთესად სწავლასაც ცდილობს.

დიზაინერი პროფესიას იცვლის - როცა დირექტორი სავარძელში არ ჯდება ხოლმე...

- მოსწავლეებთან ურთიერთობაზე ვსაუბრობთ და ვიცი, რომ ამ მხრივ  სიახლეა თქვენთან...

- სექტემბერში, როცა ბავშვებს ენერგია აქვთ მოზღვავებული, ერთდროულად სამ მათგანს, მათ შორის ჩემს შვილსაც, შეექმნა პრობლემა, რის გამოც ჰოსპიტალში ჩასვლა მოუწიათ. მეორე დღეს მთელი სკოლა შევკრიბე და ვუთხარი, რომ ჩვენ მათ სიცოცხლეზე ვიღებთ პასუხისმგებლობას და თითოეული მათგანი ჩვენთვის ძვირფასია. უცებ გამოდის ერთი მეთერთმეტე კლასელი ბიჭი და ამბობს: უფროსკლასელები ვალდებული ვართ, რომ პატარებს მივხედოთო. ეს ბიჭი ნიკა კუჭუაშვილია, მან გადაწყვიტა, რომ უფროსკლასელები დასვენებებზე უმცროს კლასელებთან ერთად იქნებოდნენ. ამის მერე უნდა ნახოთ გაკვეთილებზეც როგორი იდილია დამყარდა, ასეთი რამ არც ერთ სკოლაში არ არის. ისეთი ჯანსაღი დამოკიდებულება, პატარები როცა რამე სურთ თავის მენტორებს აკითხავენ. მე და ნიკამ მოვილაპარაკეთ და მარტის ბოლოს სკოლაში ბავშვები აირჩევენ დირექტორს, მოადგილეს, დაცვას, მოკლედ „თვითმმართველობის დღე“ იქნება. ასეთი ღონისძიებები უფრო დაათბობს ურთიერთობას მოსწავლეებსა და მასწავლებლებს შორის, სკოლაში ყოფნას და სწავლის პროცესს კი, უფრო საინტერესოს გახდის.

დიზაინერი პროფესიას იცვლის - როცა დირექტორი სავარძელში არ ჯდება ხოლმე...

- ინტერნეტში თქვენი სკოლის მოსწავლეების და მასწავლებლების მონაწილეობით საკმაოდ ხალისიანი კლიპი ტრიალებს...

- ამ კლიპის იდეა ჩემს მეგობარს, მსახიობ ლაშა რამიშვილს ეკუთვნის. ტექსტი და მუსიკაც მისია. ბავშვები სიამოვნებით ჩაერთვნენ მის გადაღებაში და დღეს ამ სიმღერას ბევრი აზიარებს.

- დიზაინის სფეროში საკმაო გამოცდილება დააგროვეთ და მომავალში ხომ არ აპირებთ თქვენი ცოდნა მოსწავლეებს გაუზიაროთ?

-არ არის გამორიცხული... ამ ეტაპზე ამ ცოდნის გადაცემის ფორმაზე ვფიქრობთ. თუ როგორ შეიძლება, რომ მსგავსი გამოცდილება ბავშვებს გავუზიარო.