თბილისური შუქჩრდილები: დედაქალაქში შავ-თეთრი გამოფენა გაიხსნება

როგორც გამოფენის ორგანიზატორები აღნიშნავენ, „მომნუსხველი ანტურაჟი დამთვალიერებელს საინტერესო სიურპრიზს ჰპირდება".
Sputnik

თბილისი, 20 თებერვალი — Sputnik. ნიკო ფიროსმანის მუზეუმი 20 თებერვლიდან უმასპინძლებს ლევან კაკაბაძის პერსონალურ გამოფენას „თბილისური შუქჩრდილები". ამის შესახებ მხატვარმა „Sputnik-საქართველოსთან" საუბარში განაცხადა.

თბილისში ჰოლოგრამების პირველი მუზეუმი გაიხსნება>>

გამოფენაზე შესაძლებელია ძველი თბილისის შავ-თეთრი პეიზაჟების ნახვა, სულ 10-მდე ნამუშევარი. ზოგიერთი ნახატი შესრულებულია ნახშირითა და აკვარელით.

„ამ ნამუშევრებს შავ-თეთრ გამაში 2016 წლიდან ვქმნიდი. ბოლო დროს გრაფიკა მიტაცებს. ჩემი ნამუშევრებისთვის შთაგონების წყარო ძველი თბილისი, აბანოთუბანი და ქალაქის ვიწრო ქუჩები გახდა", – აღნიშნა კაკაბაძემ.

ლევან კაკაბაძის შემოქმედებითი ცხოვრება სამხატვრო აკადემიაში სწავლიდან დაიწყო.

თბილისში ცნობილი ქართველი აბსტრაქციონისტი მხატვრის გამოფენა გაიხსნება

მხატვარს არაერთხელ ჰქონდა პერსონალური გამოფენა თბილისსა და ბათუმში. მისი ნამუშევრები ინახება კერძო კოლექციებში როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ.

ამას გარდა, საქართველოსა და უკრაინის სხვადასხვა ქალაქებში არის შენობები, რომლებიც აშენდა ან აღდგა კაკაბაძის პროექტის მიხედვით. ძირითადად საუბარია ეკლესიებსა და ტაძრებზე.

გამოფენა 27 თებერვლამდე გაგრძელდება.