კონკურენციის გარეშე - ლაშა ტალახაძე მსოფლიოს საუკეთესო ძალოსანი გახდა

წელს ლაშა ტალახაძემ უკვე მოასწრო თავის გამოჩენა - მსოფლიო თასზე ძალოსნობაში ოქროს მედლის მოპოვება.
Sputnik

თბილისი, 20 თებერვალი — Sputnik. ზედიზედ მესამე წელი კონკურენციის გარეშე იყო ქართველი სპორტსმენი ლაშა ტალახაძე, რომელმაც ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციის გამოკითხვა (International Weightlifting Federation – IWF) მოიგო და პლანეტის ყველაზე ძლიერი ძალოსნის წოდება მოიპოვა.

ტალახაძემ მომხმარებელთა 17 084 ხმა მიიღო. ქართველი სპორტსმენის უახლოესმა კონკურენტმა სიმონ მარტიროსიანმა სომხეთიდან 5000-ზე მეტი ხმა მოიპოვა. სულ გამოკითხვაში 50 ათასზე მეტი მომხმარებელი მონაწილეობდა.

„ქართველმა გოლიათმა“ 2020 წლის პირველი ოქროს მედალი მოიპოვა

2019 წელს ტალახაძის შედეგები ფედერაციაში „გამაოგნებელი“ უწოდეს.

სპორტსმენმა ქომაგებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

„ძალიან დიდი მადლობა მინდა, ვუთხრა ჩემს გულშემატკივრებს, რომელთა აქტიურობამაც მსოფლიოს საუკეთესო ძალოსნის ტიტული უკვე მესამედ მომანიჭა. ძალიან დიდი მადლობა თითოეულ მათგანს აქტიურობისთვის, მხარდაჭერისა და ხმის მოცემისთვის“, - განაცხადა ტალახაძემ.

ტალახაძემ წელს უკვე მოასწრო თავის გამოჩენა - რომში თებერვლის დასაწყისში გამართულ მსოფლიო თასზე ძალოსნობაში ოქროს მედალი მოიპოვა.

რამდენი მედლის აღების შანსი აქვს საქართველოს 2020 წლის ოლიმპიადაზე – ექსპერტების პროგნოზი >>

ტალახაძე საუკეთესო იყო ატაცში (215 კგ) და აკვრაშიც (255 კგ). ორჭიდის ჯამის მიხედვით ჩვენმა ძალოსანმა 470 კგ აწია.

ის ასევე 2019 წლის საუკეთესო სპორტსმენად დასახელდა საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ვერსიით. გარდა ამისა, ტალახაძეს ბადალი არ ჰყავდა 2019 წლის მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონატებზე.