ეს უცნაური რუსეთი, ეს უცნაური რუსები

Forbes-მა რუსეთის უმდიდრესი ქალი დაასახელა: ბატურინამ პოზიციები დათმო

ბაკალჩუკი რუსეთის უმდიდრესი ადამიანების ჩამონათვალში პირველად ორი წლის წინ აღმოჩნდა, როდესაც მისი ქონება მხოლოდ 600 მილიონ დოლარს აღწევდა.
Sputnik

თბილისი, 20 თებერვალი — Sputnik. ონლაინ საცალო ვაჭრობის კომპანია Wildberries-ის თანადამფუძნებელი და მფლობელი ტატიანა ბაკალჩუკი, Forbes-ის რეიტინგის თანახმად, რუსეთის ყველაზე მდიდარი ქალი გახდა. 

კვლევა: მსოფლიოს 2 000 მილიარდერს უფრო მეტი ქონება აქვს, ვიდრე 4,6 მლრდ ადამიანს

გავრცელებული ინფორმაციით, მან გასული წლების უცვლელ ლიდერს, კომპანია Inteco Management-ის პრეზიდენტ ელენა ბატურინას გაუსწრო.  

Forbes-ის ცნობით, ბაკალჩუკის ქონება წლის განმავლობაში 400 მილიონი დოლარით გაიზარდა და 20 თებერვლისთვის 1,4 მილიარდი დოლარი შეადგინა. ბატურინას ქონება კი იმავე პერიოდში არ შეცვლილა და კვლავ 1,2 მილიარდი დოლარის ნიშნულზე რჩება.  

„ბაკალჩუკის ქონების ახალი შეფასება ონლაინ-მაღაზია Wildberries-ის ძირითადი აქტივებით განხორციელებული ცვლილებების შედეგია. ათი უმსხვილესი ონლაინ-გამყიდველის მიერ ხუთშაბათს გამოქვეყნებული რეიტინგის მიხედვით, 2019 წელს Wildberries-ის ბრუნვა 88%-ით გაიზარდა და 223,5 მილიარდი რუბლი შეადგინა“, — აღნიშნავს Forbes-ი.

ირკვევა, რომ Wildberrie-მ 2019 წელს 164 მილიონი შეკვეთა შეასრულა — ორჯერ მეტი, ვიდრე წინა წელს. ასევე გაზარდა როგორც ასორტიმენტი (1,8-დან 3,6 მილიონამდე), ისე მიმწოდებლების რაოდენობაც (19 ათასამდე).

კომპანიის საკუთრებაში არსებულმა შეკვეთების გამცემი პუნქტების ქსელმა 6300 წერტილს გადააჭარბა რუსეთში, ბელარუსში, ყაზახეთში, ყირგიზეთსა და სომხეთში. გარდა ამისა, Wildberries-ი შევიდა პოლონეთის ბაზარზეც და მიმდინარე წლის იანვარში გაყიდვები დაიწყო.

ტატიანა ბაკალჩუკი რუსეთის უმდიდრესი ადამიანების ჩამონათვალში პირველად 2018 წელს შევიდა. მაშინ Forbes-მა მისი ქონება 600 მილიონ დოლარად შეაფასა. რაც შეეხება ელენა ბატურინას, Forbes-ის სიაში ის 2004 წლიდან შედის, როდესაც მისი ქონება 1 მილიარდ დოლარს შეადგენდა. ამ მაჩვენებელმა 2010 წელს 4,2 მილიარდ დოლარს მიაღწია და მხოლოდ ერთხელ, 2008 წლის კრიზისის დროს ჩამოვიდა 1 მილიარდ დოლარზე ქვემოთ – 2009 წლისთვის ბატურინას ქონება მხოლოდ 900 მილიონ დოლარს აღწევდა. ბოლო ორი წლის განმავლობაში ბატურინას ქონება უცვლელად შეადგენს 1,2 მილიარდ დოლარს.