თბილისი, 20 თებერვალი — Sputnik. უკრაინელმა სამართალდამცველებმა სუმის ოლქის ქალაქ შოსტკაში 27 წლის ქართველი მამაკაცის მკვლელობის ფაქტი გახსნეს, ეჭვმიტანილი დაკავებულია.
ინციდენტი 17 თებერვალს ერთ-ერთ კაფესთან მოხდა. კაფეს სტუმრებს შორის კამათი დაიწყო, რომელიც საქმის გარჩევაში გადაიზარდა. შედეგად, საქართველოს მოქალაქე ცივი იარაღით მიყენებული ჭრილობების შედეგად შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. მისი თანმხლები პირი კი ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობით საავადმყოფოში მოხვდა.
პოლიციამ ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად ადგილობრივი მცხოვრები დააკავა.
„როდესაც პოლიციელებმა კარზე ზარი დარეკეს, ძებნილი მეორე სართულზე მდებარე ბინის ფანჯრიდან გადახტა და გაქცევას შეეცადა. თუმცა მისი მცდელობა წარუმატებელი აღმოჩნდა, სამართალდამცველებმა იგი დააკავეს და პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს. მან ჩადენილი დანაშაული აღიარა“, – განაცხადა შოსტკის პოლიციის განყოფილების უფროსმა სერგეი ზაბოზლაევმა.
ამ დროისთვის დაკავებული დროებითი მოთავსების იზოლატორში იმყოფება. გამოძიება „მკვლელობისა“ და „განზრახ მკვლელობის მცდელობის“ მუხლებით აღიძრა, რაც 15 წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს.