ისნის რაიონში ახალი გზის მოწყობა დასრულდა

პროექტი ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურმა განახორციელა. სამუშაოების ფარგლებში მოეწყო სანიაღვრე ქსელი, გვერდმიმღებები, თვალამრიდები და საყრდენი კედლები, ასევე, დამონტაჟდა გარე განათების ქსელი
Sputnik

თბილისი, 19 თებერვალი - Sputnik. ისნის რაიონში დავითაიასა და მთისძირის ქუჩების დამაკავშირებელი გზის მშენებლობა დასრულდა, ნათქვამია თბილისის მერიის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

ახალი გზა თბილისის მერმა კახა კალაძემ, მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან ერთად დაათვალიერა. დასრულებულ სამუშაოებს, ასევე, ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსი გიორგი აბუთიძე, ისნის რაიონის გამგებელი კახა კაბუჩიძე და თბილსის საკრებულოს წევრი ბექა დავითულიანი გაეცნენ.

იაპონური გაზაფხული თბილისში: ბოტანიკურ ბაღში 100 ძირი საკურა დარგეს

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, აქამდე აღნიშნული გზით სარგებლობა, განსაკუთრებით უამინდობის დროს, შეუძლებელი იყო.

„სამუშაოები 7 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა. შეუძლებელი იყო ავტომობილით გავლა, განსაკუთრებით უამინდობის დროს. დღეს გვაქვს მთლიანად მოწესრიგებული ინფრასტრუქტურა, შეიძლება ითქვას ახალი გზა, რომლისთვისაც 2 მილიონ 700 ათასი დაიხარჯა. ამ გზით დავითაიას ქუჩა უკავშირდება მერვე ლეგიონის დასახლებას“, - განაცხადა კახა კალაძემ.

პროექტი ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურმა განახორციელა. სამუშაოების ფარგლებში მოეწყო სანიაღვრე ქსელი, გვერდმიმღებები, თვალამრიდები და საყრდენი კედლები, ასევე, დამონტაჟდა გარე განათების ქსელი.

ახალი გზის პარალელურად, მოეწყო სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის სასწავლო ცენტრისკენ და მისი პარკინგისკენ მიმავალი გზა და უშაკოვის ქუჩის მონაკვეთი. სამშენებლო სამუშაოები თბილისის მერიის კონტრაქტორმა კომპანიამ „ბლექ სი ჯგუფი“ აწარმოა.