თბილისში „სვეტის" დაუსრულებელი ობიექტების მშენებლობას М2 მარტიდან დაიწყებს

ნუცუბიძის, მირცხულავასა და ჭყონდიდელის ქუჩებზე „სვეტის" კორპუსებში ბინების მიღებას 2,5 ათასზე მეტი ოჯახი ელოდება.
Sputnik

თბილისი, 19 თებერვალი — Sputnik. კომპანია „სვეტის" დაუსრულებელი ობიექტების სამშენებლო სამუშაოები მარტში დაიწყება, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ ოთხშაბათს გამართული დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე. 

თბილისში დაუმთავრებელ ობიექტებზე სამშენებლო პროცესები თებერვლიდან გაგრძელდება

თბილისის საკრებულომ „სვეტის" სამშენებლო ობიექტებს ნუცუბიძის, მირცხულავასა და ჭყონდიდელის ქუჩებზე დაუმთავრებელი მშენებლობების სტატუსი მიანიჭა. „სვეტის" მოტყუებული მენაშენეების წინაშე აღებული ვალდებულების შესრულება საკუთარ თავზე სამშენებლო კომპანია M2-მა აიღო.

ჯერ კიდევ გასული წლის სექტემბერში კახა კალაძემ 2,5 ათას ოჯახს ბინების მშენებლობის დასრულების პირობა მისცა. პროექტის საინვესტიციო ღირებულება 250 მლნ ლარია.

„ძალიან მიხარია, რომ პროექტები განხორციელდება და ამ ადამიანებს ეძლევათ შესაძლებლობა, დაიბრუნონ თავიანთი საცხოვრებელი ფართები, საკუთარი ბინები, რაშიც თანხა აქვთ გადახდილი და ამდენი ხანი ელოდებოდნენ", – განაცხადა კახა კალაძემ.

რაც შეეხება კომპანია „სვეტს", თბილისის საქალაქო სასამართლომ ივლისში კომპანიის დამფუძნებლები გივი ჯიბლაძე და დირექტორი თორნიკე ჯანელიძე მენაშენეთა 3,3 მილიონ ლარზე მეტი თანხის მითვისებაში დამნაშავედ ცნო. სასამართლომ ჯიბლაძეს რვა წლით, ჯანელიძეს კი ექვსი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.