საქართველოს მთავრობამ საინვესტიციო ფონდების შესახებ კანონპროექტზე მუშაობა დაასრულა

პრემიერი დარწმუნებულია, რომ აღნიშნული კანონის მიღება ხელს შეუწყობს ქვეყნის ეკონომიკის, ბიზნეს-გარემოს განვითარებას და უცხოური კაპიტალის მოზიდვას.
Sputnik

თბილისი, 19 თებერვალი — Sputnik. საქართველოს მთავრობამ საინვესტიციო ფონდების შესახებ კანონპროექტზე მუშაობა დაასრულა და მას პარლამენტს წარუდგენს, განაცხადა მთავრობის სხდომაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ.

პრემიერის თქმით, კანონი ფონდების შესახებ მნიშვნელოვანია კაპიტალის ბაზრის შემდგომი განვითარებისთვის.

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ სარჩელს ამზადებს

„ფონდების შესახებ კანონზე მუშაობა მიმდინარეობდა დაახლოებით ოთხი წელი. ეს მუშაობა დასრულდა წარმატებით. ფონდების შესახებ კანონი არის უაღრესად აუცილებელი კაპიტალის ბაზრის შემდგომი განვითარებისთვის. კაპიტალის ბაზრის განვითარება არის ერთადერთი და ყველაზე ეფექტური საშუალება ეკონომიკაში ფინანსური რესურსის გადანაწილებისთვის. დღეს ჩვენ ეს მუშაობა დავასრულეთ და შესაბამისი კანონმდებლობა გადაეგზავნება პარლამენტს", – განაცხადა გახარიამ.

პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ მოცემული კანონი ხელს შეუწყობს ქვეყნის ეკონომიკის, ბიზნეს-გარემოს განვითარებას და უცხოური კაპიტალის მოზიდვას.

ოთხშაბათს მთავრობის სხდომის დღის წესრიგში 11 საკითხია, მათ შორის – კანონპროექტი საინვესტიციო ფონდების შესახებ, რომელსაც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა წარადგენს.

საინვესტიციო ფონდების განვითარება წარმოადგენს კაპიტალის ბაზრის რეფორმის მნიშვნელოვან კომპონენტს. ამჟამად არსებული კანონი არ ითვალისწინებს საინვესტიციო ფონდების შექმნის, ოპერირების და რეგულირების სხვადასხვა ასპექტს. ახალი საკანონმდებლო ინიციატივა ადგენს რეგულირებადი და ალტერნატიული ფონდების სახეებს, ადმინისტრირების წესსა და მისი სახელმწიფო რეგულირების სისტემის საფუძვლებს. საინვესტიციო ფონდების კანონი ინვესტორებს მისცემს საშუალებას მიიღონ თანამედროვე ტექნოლოგიებზე დაფუძნებული საფინანსო მომსახურების სრული სპექტრი.