თბილისი, 18 თებერვალი - Sputnik. ბიზნესმენი ვალერი გელაშვილი კვლავ დეპუტატი გახდა - საქართველოს პარლამენტმა მისი უფლებამოსილება ცნო.
პარლამენტში გელაშვილმა „ქართული ოცნების“ სიით კარლო კოპალიანის ადგილი დაიკავა. კოპალიანს სადეპუტატო უფლებამოსილება 2020 წლის 6 თებერვალს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სამუშაოდ გადასვლის გამო შეუწყდა.
გელაშვილს საკმაოდ დიდი საპარლამენტო სტაჟი გააჩნია, ის უკვე იყო არჩეული მეხუთე, მეექვსე და მერვე მოწვევის პარლამენტის მაჟორიტარ დეპუტატად. 2005 წლის ივლისში სპეცნაზელთა ჯგუფმა მასზე თავდასხმა განახორციელა. დეპუტატი სასტიკად იყო ნაცემი. დეპუტატთან ანგარიშსწორების მიზეზი გახდა კონფლიქტი პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან. საქმის ობიექტური გამოძიება მხოლოდ ხელისუფლების შეცვლის შემდეგ მოხერხდა.
თბილისის საქალაქო სასამართლომ საქართველოს პრეზიდენტი დამნაშავედ ცნო და დეპუტატთან ანგარიშსწორების გამო სააკაშვილს 6 წლით პატიმრობა შეუფარდა. პრეზიდენტის გარდა, 6 წლითა და 9 თვით პატიმრობა შეეფარდა ყოფილ პრემიერსა და ყოფილ შს მინისტრ ვანო მერაბიშვილს, 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა საქმის სხვა ფიგურანტებსაც - ძალოვანი სტრუქტურების ყოფილ მაღალჩინოსნებს.