მინიშნება ცხოვრებისაგან - მსახიობის შექმნილი სცენური და თოჯინური სახეები       

ქალბატონი ლელა შარაბიძე პროფესიონალი მსახიობია, სცენაზე ერთმანეთისგან განსხვავებულ სახეებს ნიჭიერად ირგებს.
Sputnik

თუმცა არის შედარებით ახალი როლი, რომელიც ცხოვრებაში ასევე კარგად მოირგო... მის მიერ შექმნილმა თოჯინურმა სახეებმა არა ერთი პუბლიკა აღაფრთოვანა. ამიტომაც გულწრფელია, როცა ამბობს, რომ ყოველი ახალი თოჯინა მისთვის ახალი როლივით არის.

მისი ნამუშევრები როგორც საქართველოში, ასევე საზღვარგარეთ კერძო კოლექციებში ინახება. მონაწილეობა აქვს მიღებული სხვადასხვა გამოფენებში.

მინიშნება ცხოვრებისაგან - მსახიობის შექმნილი სცენური და თოჯინური სახეები       

- ქალბატონო ლელა, პროფესიონალი მსახიობი ხართ, მოდი, ჯერ თქვენს თეატრალურ ცხოვრებაზე ვისაუბროთ, თეატრი როგორ გაჩნდა თქვენს ცხოვრებაში და ვინ არიან ისინი - თქვენს მიერ სცენაზე განსახიერებული სახეები?

-ჩემი პროფესია ღრმა ბავშვობიდან მოდის, იმ დროიდან, როდესაც ეზოში ფარდას ჩამოვაფარებდით, მშობლების ტანისამოსში გამოვეწყობოდით და „დამაჯერებლად“ ვთამაშობდით. ბილეთებს ჩვენი მშობლები ყიდულობდნენ ერთი „პონჩიკის“ ფასად. ღმერთის მადლობელი ვარ ასეთი საინტერესო პროფესიისთვის. წინასწარ არასდროს იცი როგორი პერსონაჟის შექმნა მოგიწევს, როგორი ადამიანის ცხოვრებით უნდა იცხოვრო. ჩემი სცენური როლების გალერეაში ერთმანეთისგან განსხვავებული სახეებია, ეს არის: 80 წელს გადაცილებული მოხუცი (თ. ჭილაძე „სიზმრების ახსნა“), 13-14 წლის მოზარდი (ლ. ბურბუთაშვილი „ქალი“), თავისუფალი და მეამბოხე მსახიობი ქალი (ე. დე ფილიპო „ავტორის მაძიებელი 6 პერსონაჟი“) და გერმანელი კაროლინა (კ. გამსახურდია „მთვარის მოტაცება“).

მინიშნება ცხოვრებისაგან - მსახიობის შექმნილი სცენური და თოჯინური სახეები       

-ამათგან ყველაზე საინტერესო და მნიშვნელოვანი რომელი იყო და რატომ?

-ყველაზე მნიშვნელოვნად ბოლო ნამუშევარი, ანუ კაროლინას როლი მიმაჩნია. მადლობა რეჟისორ გოჩა კაპანაძეს, რომელმაც ეს სცენური სახე ასე მრავალ ჭრილში დამანახა. კაროლინაზე მუშაობა იმიტომ იყო საინტერესო, რომ მთელი სპექტაკლის მსვლელობისას ეს ქალი მრავალჯერ განიცდის პიროვნულ ტრანსფორმაციას. ერთი შეხედვით ეფექტური, რაფინირებული ძლიერი ქალი, ბოლოს მარტოსულ, მგრძნობიარე დაუცველ არსებად გვევლინება.

მინიშნება ცხოვრებისაგან - მსახიობის შექმნილი სცენური და თოჯინური სახეები       

- ამის გარდა სხვადასხვა სახეების „გამოძერწვა“ თოჯინების საშუალებითაც დაიწყეთ. ამბობენ, შემთხვევით არაფერი ხდებაო, მაგრამ მეთოჯინე მართლა ერთი განცხადების წყალობით გახდით?

- ცხოვრება ყოველთვის გვიგზავნის გარკვეულ მინიშნებებს, მთავარია ჩვენ ვიყოთ ამისთვის მზად. ყველაფერი მართლა ერთი განცხადებით დაიწყო. ქალბატონი ნანა ყაულაშვილი საავტორო თოჯინების დამზადების მსურველებს იწვევდა. წარმოდგენა არ მქონდა რა უნდა შემესწავლა, მაგრამ რადგანაც თავისუფალი დრო მქონდა მაშინვე ჩავეწერე, ახლაც მახსოვს თვე და რიცხვი, ეს იყო 2017 წლის 20 იანვარი. თიხას ხელი მოვკიდე თუ არა თავიდან შევიცანი საკუთარი თავი და ისეთი შეგრძნება მქონდა თითქოს ეს ერთი ფაზლი აკლდა ჩემს ცხოვრებას და მერე ყველაფერი ჰარმონიულად დალაგდა. როდესაც ნამუშევრები ფეისბუქზე დავდე ჩემი გარემოცვა სრულიად შოკირებული იყო. მეგობრები გაოცებას ვერ მალავდნენ. ახლა უკვე იმ ეტაპზე ვარ, როცა ყველაფერს კრიტიკის თვალით ვუყურებ და საკუთარ თავს პატარა შეცდომის დაშვების უფლებასაც არ ვაძლევ.

მინიშნება ცხოვრებისაგან - მსახიობის შექმნილი სცენური და თოჯინური სახეები       

- გამოფენებშიც გაქვთ მონაწილეობა მიღებული...

- პირველი პერსონალური გამოფენა „არტ გალერეაში“ მქონდა. ის ჩემი მეუღლის, კახა შარაბიძის დიდი სურვილით და მხარდაჭერით ჩატარდა. გამოფენა მას მიუძღვენი და ასეც დავარქვი: „შენთვის“ (For you). შემდეგ იყო ჯგუფური გამოფენები, საერთაშორისო გამოფენა „MOMA“-ში, რომელიც იულია სოროკინას და მაია ალადაშვილის თაოსნობით მოეწყო. დეკემბრის ბოლოს ისრაელში ჩატარდა საერთაშორისო გამოფენა, სადაც ქალბატონ ნანა ყაულაშვილის რეკომენდაციით მიმიწვიეს. ჩემი მეუღლის ავადმყოფობის გამო, რომელიც დღეს ცოცხალი აღარ არის, დიდხანს ვყოყმანობდი იქ წავსულიყავი თუ არა. კახა ჩემი ყველაზე დიდი გულშემატკივარი იყო და რომ არ გადამეფიქრებინა, თვითმფრინავის ბილეთები ექვსი თვით ადრე მიყიდა...

მინიშნება ცხოვრებისაგან - მსახიობის შექმნილი სცენური და თოჯინური სახეები       

- ახლახან თქვენი თოჯინები ისრაელში იხილეს...

-არადში ძალიან თბილად დამხვდნენ, ამ გამოფენას უკვე მესამედ აწყობს ქ-ნი ირენე როზენშტეინ-როზენბლუმი (Irene Rosenshtein –Rosenblum), რომელიც გამოფენას თავის დაღუპულ შვილს, სერჟანტ ბენჟამინ როზენბლუმის ხსოვნას უძღვნის. გამოფენა ძალიან ამაღელვებელი იყო, რადგან მას ბევრი ჯარისკაცი დაესწრო. ჩემს მიერ წარმოდგენილი თოჯინებიდან განსაკუთრებული მოწონება აინშტაინმა დაიმსახურა.

მინიშნება ცხოვრებისაგან - მსახიობის შექმნილი სცენური და თოჯინური სახეები       

- გაიხსენეთ რომელიმე საინტერესო ამბავი თოჯინებთან  დაკავშირებით...

- საერთოდ არ ვიყენებ ხოლმე ყალიბებს, რადგან მიყვარს როდესაც ყველა დეტალი ხელით არის დამზადებული. ყალიბით შეიძლება ხარისხი უკეთესი გამოვიდეს, დრო და ნერვებიც დავზოგო, მაგრამ თოჯინა „ცოცხალი“ არ იქნება, ანუ მის ხასიათს ვერ აჩვენებ. ერთმა ჩემმა თოჯინამ „არაფრით მოინდომა“ საკუთარი თავის ტანზე დამაგრება, მხოლოდ ჩემს ხელში „გრძნობდა“ თავს კარგად, ჰოდა, ასეც დავტოვე- „ხელის გულზე”. მის ტანზე კი სხვა თოჯინამ დაიწყო სიცოცხლე.

მინიშნება ცხოვრებისაგან - მსახიობის შექმნილი სცენური და თოჯინური სახეები       

-მსახიობის პროფესია თუ გეხმარებათ თოჯინების შექმნის დროს?

-ჩემი პროფესია ძალიან მეხმარება სახასიათო თოჯინების შექმნაში. ყოველი ახალი თოჯინა ჩემთვის ახალი როლივითაა, როგორც მსახიობის განვითარებისთვისაა აუცილებელი გასტროლები, იგივე დატვირთვა აქვს მეთოჯინისთვის გამოფენებში მონაწილეობის მიღებას. ყველას ვუსურვებ საკუთარ თავში აღმოაჩინოს ის დაფარული ნიჭი, რომლის აღმოჩენაც დიდ სიხარულს და ბედნიერებას მოუტანს.