გიორგი შენგელაია: ცხოვრება ამაოება არ არის, ის ჩემთვის „ტურფა საბაღნაროა“

„Sputnik–საქართველო“ გთავაზობთ თეატრმცოდნისა და ჟურნალისტის მანანა ტურიაშვილის მიერ დიდ ქართველ რეჟისორთან გიორგი შენგელაიასთან ჩაწერილ ინტერვიუს, რომელიც პირველად ქვეყნდება.
Sputnik

ერთხელ, დაბადების დღის აღსანიშნავად, ბატონ გიორგი შენგელაიას შევხვდი. უბრალო და სადა იყო მისი დახვედრა, თითქოს დიდი ხნის ნაცნობები ვიყავით, თითქოს უამრავი გვისაუბრია გულწრფელად და გულგახსნილად. ინტერვიუს შემდეგ ვფიქრობდი, რომ ეს თვისება იმ ადამიანთა ხვედრია, ვინც შემოქმედებისთვის ბოლომდე გასცემს ყველაფერს და შრომის საზღაურს – მაყურებლის დიდ სიყვარულს იღებს უშურველად. დღეს საქართველო დიდი რეჟისორის ამ ქვეყნიდან წასვლას გლოვობს, თუმცა ჯერ არმოსულ ახალ წელთა სიმრავლე ვერას დააკლებს გიორგი შენგელაიას შემოქმედებას, რომელიც მომავალ თაობას წარსული ეპოქის კვლევის გზაზე ახალი ცოდნის კარიბჭეს გაუხსნის.

გიორგი შენგელაია: ცხოვრება ამაოება არ არის, ის ჩემთვის „ტურფა საბაღნაროა“

- ბატონო გიორგი, ჩვენი საუბარი იუმორით დაიწყო, ასაკზე ბევრი იხუმრეთ... როგორ ეხმარება ხელოვანს იუმორის გრძნობა?

- ყველა დიდ მწერალს, რეჟისორს ყოველთვის ახლავს იუმორის გრძნობა, გააჩნია ტემპერამენტსაც. ზოგი პირდაპირ იუმორით გამოხატავს თავის დამოკიდებულებას, თავის მსოფლმხედველობას. მაგალითად, ასეთია ჩემი ძმა – ელდარი. ცხოვრებაზე მე უფრო დრამატული შეხედულება მაქვს, მაგრამ თქვენ ხომ გახსოვთ ჩემი სურათები – „სიყვარული ყველას უნდა“, „ვერის უბნის მელოდიები“, სადაც საკმარისი იუმორია. იუმორის გარეშე არ შეიძლება, ეს არის ერთ-ერთი შეხედულება ცხოვრებაზე, სადაც მას ცოტა ირონიულადაც უყურებ. საერთოდ, ჩვენი ხალხი იუმორით ცხოვრობს, იუმორი ცხოვრებას გვიადვილებს.

გიორგი შენგელაია: ცხოვრება ამაოება არ არის, ის ჩემთვის „ტურფა საბაღნაროა“

- კინოსა და თეატრის განსხვავებულობის საკითხს რომ შევეხოთ, კარგი იქნებოდა. დღეს კინოშიც და თეატრშიც რეჟისორი მთავარი პერსონაა...

სპექტაკლისგან განსხვავებით, კინო რჩება, თეატრი ხომ თავისი ბუნებით ეფემერული ხელოვნებაა. საოცრებაა ცოცხალი ნატო ვაჩნაძის, კოხტა ყარალაშვილის, კირა ანდრონიკაშვილის, ცოცხალი სერგო ზაქარიაძის ნახვა, ხომ? ისიც უნდა გითხრათ, რომ თავისი შინაარსით, მხატვრული ღირებულებით ყველა კინო დიდხანს არ რჩება, ბევრი კვდება და რჩება მხოლოდ კარგი სურათები.

გიორგი შენგელაია: ცხოვრება ამაოება არ არის, ის ჩემთვის „ტურფა საბაღნაროა“

- კინოსა თუ თეატრის რეჟისორი კარგი ორგანიზატორიც უნდა იყოს, რაც პროფესიის შემადგენელი ნაწილია და, ჩემი აზრით, მის დასაუფლებლად სპეციალური მომზადებაც საჭიროა...

- კომპოზიტორი, მხატვარი, ლიტერატორი უკეთეს მდგომარეობაშია, ვიდრე ჩვენ, ვინაიდან მათ ან ქაღალდთან აქვთ საქმე ან ტილოსთან, ხომ? ჩვენ, ასე ვთქვათ, ორგანიზაცია უნდა მოვახდინოთ სცენარის მიხედვით. შეიძლება გმირი ჯერ არ გყავს ჩამოყალიბებული, ვინაიდან მსახიობებს ვერ პოულობ, ან შესაბამისი ადგილი ვერ მოგიძებნია და ა.შ. ძალიან ძნელი და დამქანცველი პროფესიაა.

პირველ რიგში, მე ორგანიზატორი ვარ. თეატრის რეჟისორიც ასეა, მაგრამ ის უკეთეს მდგომარეობაშია, იმიტომ რომ მას შეუძლია დღეს რაღაცა ვერ მოასწროს რეპეტიციაზე და ხვალ გაიმეოროს, ჩვენ გავრბივართ გადაღებებზე და ერთ წამში უნდა დავაფიქსიროთ ყველაფერი – ამინდი როგორია, მზე საიდან ამოდის... ძალიან დაძაბული პროფესიაა და ფიზიკურად არის ძალიან ძნელი.

ყველა შემოქმედი, ჩემი ძმის ტერმინი რომ ავიღოთ, ცოტა შერეკილი უნდა იყოს. აი, ეს არის მეორე მხარე, რაც განაპირობებს ჩვენ პროფესიას. თუ შერეკილი არ არის, თუ თავისი ფანტაზიით ახლებურად არ წარმოაჩენს სამყაროს, ის საინტერესო არ იქნება მაყურებლისთვის, მკითხველისთვის, მსმენელისთვის.

გიორგი შენგელაია: ცხოვრება ამაოება არ არის, ის ჩემთვის „ტურფა საბაღნაროა“

- ბატონო გიორგი, თქვენ შემოქმედებას თითქოს ორი მიმართულებით განიხილავენ...

- ობიექტურად საზოგადოებისთვის შეიძლება ჩემი რომელიმე ფილმი უფრო მნიშვნელოვანი იყოს, მაგრამ ჩემთვის, როგორც შემქმნელისთვის, ყველა ფილმი ერთნაირია, ყველა ფილმში თანაბრად ვდებ ემოციას, ცოდნას, ვდებ ნიჭს – თუ შეიძლება ასე ითქვას... კინემატოგრაფისტების ოჯახიდან ვარ და ჩემთვის, პირველ რიგში, ეს პროფესიაა. მე, მაგალითად, ძალიან თავისუფლად ვუყურებ საავტორო კინოს, ვინაიდან ჩემი მომდევნო ფილმი შეიძლება ე.წ. დემოკრატიული ფილმი იყოს. ჩემი ზოგიერთი სნობი მეგობარი ამბობს, რომ გიორგი შენგელაიას ორი ნაკადი აქვს – ერთი სერიოზული, როგორიცაა „ფიროსმანი“, „ახალგაზრდა კომპოზიტორის მოგზაურობა“, და მეორე – არასერიოზული, როგორიც არის „ხარება და გოგია“, „ვერის უბნის მელოდები“ და ა.შ. ასეთ ხალხზე მეცინება, იმიტომ რომ ჩემთვის ყველა ფილმი ისეთივე სერიოზულია, როგორც „ფიროსმანი“. მყავს კარგი მაყურებელიც, ის არ ანსხვავებს ჩემს ფილმებს, ვინაიდან მისთვის ეს არის „გიორგი შენგელაიას ფილმები“.

გიორგი შენგელაია: ცხოვრება ამაოება არ არის, ის ჩემთვის „ტურფა საბაღნაროა“

- რა გაძლევთ ფილმის გადაღების იმპულსს, საიდან და როგორ მოდის ის?

- ყველა ფილმს, ყველა ნაწარმოებს, ყველა ლექსს, ყველა პოემას ცხოვრებისეული პრეცედენტი აქვს. ცხოვრებაში მხატვარს რაღაცა უბიძგებს. ხშირად შეიძლება სრულიად სხვა მიზეზით იყოს ეს, მაგრამ სცენარში სხვა ფორმას იღებს. მაგალითად, სკოლაში ჩვენ ყველამ ვისწავლეთ ვაჟა-ფშაველას ლექსი „იას უთხარი ტურფასა“, რომელიც ვაჟამ თავისი ცოლის სიკვდილის თაობაზე დაწერა. ლექსში კონკრეტულად სიკვდილის ეს ამბავი ნახსენები არ არის, მაგრამ ვაჟას ცხოვრებისეულმა ფაქტმა უბიძგა. ჩემს ყველა ფილმს თავისი კონტექსტი აქვს, იმ დროს რაღაცა მაღელვებდა. ავიღოთ „ფიროსმანი“, რომელიც მარტო ამ მხატვარზე კი არა, ადამიანის ცხოვრებაზეა. ეს ფილმი შემეძლო გამეკეთებინა ნებისმიერ დროს, ნებისმიერ კონტექსტში, საბჭოთა პერიოდში თუ არეულობის დროს. თუმცა ზოგ ფილმს ცხოვრებიდან უფრო მეტი იმპულსი აქვს მიღებული. მაგალითად, ავიღოთ „კომპოზიტორის მოგზაურობა“, რომელიც ისეთ დროს გადავიღე, როცა საქართველოში კრიზისი მწიფდებოდა. ტოტალიტარულ ქვეყანაზე შესანიშნავი რომანი დაწერა ოთარ ჩხეიძემ და ზუსტად იმ დაძაბულობას გამოხატავდა, რაშიც მეც ვიყავი, ბატონი ოთარიც და მთელი ჩვენი საზოგადოება.

უფრო ფასეულია ის ფილმი, რომელიც დასრულების შემდეგ მაყურებელში რჩება, თქვენ მასზე ფიქრობთ, მიგაქვთ ემოციები, ეს კარგი ნაწარმოების ნიშანია!

- თქვენ როგორ ფიქრობთ, რომელ ფილმში მიაღწიეთ ამას?

- „სიყვარული ყველას უნდა“ - იქ თითქოს უბრალო სიუჟეტია, მაგრამ როცა ტელევიზიით უჩვენებენ და ფილმი მთავრდება, იმ წუთში მირეკავს ხალხი, ესე იგი სიამოვნება გრძელდება.

გიორგი შენგელაია: ცხოვრება ამაოება არ არის, ის ჩემთვის „ტურფა საბაღნაროა“

- ბატონო გიორგი, როგორ არის მოწყობილი მხატვრის ფსიქიკა და რით განსხვავდება ის „ჩვეულებრივი“ ადამიანისგან?

- მხატვრის ფსიქიკაში ემოციური სფერო ჭარბობს – ეს ცნობილი ამბავია. მეცნიერებს უფრო განვითარებული აქვთ მეორე, სასიგნალო სისტემას რომ ეძახიან – გონება, მეხსიერება. მხატვრებს კი სპონტანური აღქმა აქვთ. ჩვენ ვარსებობთ პირველადი სისტემებით, რომელიც არის იმ სტრუქტურის ქვეშ, რომელსაც ტვინს ეძახიან, ანუ მეორე სასიგნალო სისტემას და მას ნაკადის სახე აქვს. ნაკადი – აღქმა-დაფიქსირება. ვთქვათ, ხარ აბაზანაში, ან ლოგინში, ან მაგიდასთან ზიხარ, უცებ წარმოჩნდება სახე, რასაც მხატვრობაში ეძახიან образ-ს. თქვენ მაშინ ვერ იხსენებთ, რამ გამოიწვია ეს სახე, ალბათ, რაღაც ფაქტმა, ან რაღაცასთან შეხებამ. ჩვენთვის ცხოვრების აღქმა და მისი გამოხატვის ფორმა უფრო ემოციურია.

ის შეგრძნება, რომ ყველაფერი ამაოებაა, ყველა ადამიანს ეუფლება. ამ მხრივ მხატვრები არ გამოვირჩევით ჩვეულებრივი ადამიანებისგან. გადავხედოთ ჰამლეტის მონოლოგს, ბარათაშვილის „ფიქრნი მტკვრის პირას“... რასაკვირველია, ამაზე ფიქრობენ ფილოსოფოსები, ფიქრობენ მხატვრები, მწერლები და რეჟისორებიც. მე კარგ რეჟისორს ვგულისხმობ, თორემ ცუდი არაფერს ფიქრობს.

მგონია, რომ წუთისოფელი ვირის კუდივით მოკლეა, მაგრამ მე არ ვარ ეკლესიასტეს მიმდევარი, რომ პესიმისტურად ვუყურო ამ ცხოვრებას და ვიფიქრო – ყველაფერი იყო, ყველაფერი წარმავალია. მე მგონი, ამ ცხოვრებას ქართველები რუსთაველისებურად აღიქვამენ, სადაც, თუ გახსოვთ, ცხოვრება ნახსენებია, როგორც „ტურფა საბაღნარო“. ამ ცხოვრებაში იმდენი კარგი რამ არის – სიყვარული, გამრავლება, შვილები, შემოქმედება, მარტო მხატვრული კი არა, ყველანაირი შენება და კეთება. ცხოვრება ამაოება არ არის, ის ჩემთვის „ტურფა საბაღნაროა“.

მანანა ტურიაშვილი