ლიდერების თავშეუკავებლობა – სახიფათო სისუსტე სახელმწიფოსთვის

პოლიტიკური მიმოხილველის აზრით, რუსეთის რეპუტაცია საერთაშორისო არენაზე საინტერესო ცვლილებებს განიცდის, ჩნდება იდეა ზებუნებრივად იღბლიანი რუსეთის შესახებ.
Sputnik

ირინა ალქსნისი

„არასდროს თქვა არასდროს“. სწორედ ასეთი რეაქცია ჰქონდა „გაზპრომის“ ოფიციალურ წარმომადგენელს აშშ-ის ენერგეტიკის მინისტრ დენ ბრუიეტის განცხადებაზე, რომელიც დარწმუნებულია, რომ რუსეთი ვერ შეძლებს დამოუკიდებლად დაასრულოს „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის მშენებლობა — აუცილებელი ტექნოლოგიის არქონის გამო.

რუსეთის რეპუტაცია საერთაშორისო არენაზე თვალდათვალ განიცდის საინტერესო ცვლილებებს. პრინციპში, აქტუალობას ინარჩუნებს მიდგომა, რომელიც რუსეთს მალე კრახს უქადის. 

ერდოღანის ფეთქებადი ხასიათი მოსკოვის სასარგებლოდ მუშაობს

ამერიკელი მინისტრის კომენტარი სწორედ ამ ჩვეული პარადიგმიდან ამოდის. თუმცა ის სულ უფრო ნაკლებ დამაჯერებლად გამოიყურება და დღითიდღე კარგავს ადეპტებს. მას ცვლის იდეა, რომელიც განუხრელად იძენს გავლენასა და პოპულარობას განსაცვიფრებლად, პირდაპირ ზებუნებრივად იღბლიანი რუსეთის შესახებ, რომელიც ნებისმიერი სიტუაციის სათავისოდ შებრუნებას ახერხებს, ხოლო ყველაზე მტკივნეულ ჩავარდნას გამარჯვებად აქცევს. ჩვენი პარტნიორების გაგება შეიძლება, რომლებსაც რუსეთის გამარჯვებების მიწერა ფორტუნისთვის უფრო უიოლდებათ, ვიდრე მოსკოვის სწორი სტრატეგიული გათვლების, მეთოდური მუშაობისა და იმ სიჯიუტისთვის, რომელსაც საგარეო კვანტების დასაძლევადაც იყენებს და საკუთარი შეცდომების გადასალახადაც.  

რუსეთის საქმეების გააზრებისას უფრო საინტერესოდ სხვა რამ ჩანს: ჩვენ აშკარად ვერ ვაფასებთ ჩვენი სახელმწიფოს მიერ გამოვლენილ თვისებას — „სახის შენარჩუნების“ უნარს მოვლენების არახელსაყრელად განვითარების დროს.

ეს მართლაც უცნაურია, ვინაიდან საუბარია პოლიტიკის ანბანზე, თანაც, ნებისმიერ დონეზე — დაწყებული მუნიციპალურიდან გლობალურამდე. თავშეკავება, კორექტულობა და სიტყვების გამოწვლილვით შერჩევა აუცილებელია, რაოდენ ძლიერადაც უნდა იყო განხიბლული და რაოდენ ძლიერი დარტყმაც უნდა მიიღო, ვინაიდან არაკონტროლირებადი ემოციების საჯაროდ ფრქვევა სისუსტეს აშიშვლებს და მოწინააღმდეგეს დამატებით კოზირებს აძლევს.

მაგრამ ჩვენ დროში მოსკოვის მიერ მსოფლიო პოლიტიკის საბაზო წესების დაცვა ლამის უნიკალური ფენომენია. ოთხი წლის წინ თურქეთსა და რუსეთს შორის დაძაბულობა, რომლის მსგავსიც ახლა იდლიბის გარშემოა, ყველა მედიასაშუალების ფოკუსში აღმოჩნდებოდა — მრავალრიცხოვანი მშფოთვარე, შიგადაშიგ კი პანიკური პროგნოზებით ქვეყნებს შორის სრულმასშტაბიანი სამხედრო კონფლიქტის საფრთხის შესახებ. ახლა კი მომხდარის გარშემო ინტერესი აშკარად დუნეა. 

სკანდალი პრეზიდენტის გამო: როცა მტერი აღარ გჭირდება

ყველაფერი კი იმის გამო, რომ თურქეთის პრეზიდენტმა განვლილი დროის განმავლობაში შეიქმნა ეროვნული ლიდერის რეპუტაცია, რომელიც მარჯვედ იყენებს შესაძლებლობებს, მაგრამ არც ისე კარგად უმკლავდება გამოწვევებს, როდესაც მოვლენები მოულოდნელად ისე არ ვითარდება, როგორც თავად ისურვებდა. ერდოღანი იწყებს ძალიან აგრესიული, ნერვიული კომენტარების ფრქვევას. მას აშკარად აქვს რაციონალური ნაბიჯების პრობლემა ვითარების თავის სასარგებლოდ გარდასატეხად ან, თუნდაც, ზიანის შესამცირებლად.  

მსგავსი მდგომარეობა შეინიშნება ბელორუსიის მიმართულებითაც. ბოლო თვეებში ალექსანდრ ლუკაშენკომ შესამჩნევად დაკარგა გამოცდილი და ბრძენი სახელმწიფო მოღვაწის რენომე, რომელიც გონივრულად აღწევს თავის ქვეყნისთვის მაქსიმალური სარგებლის მიღებას.

უეცრად აღმოჩნდა, რომ, როცა რუსეთთან ურთიერთობების ჩვეულ გზაზე დაბრკოლებები ჩნდება, გამოცდილება და სიბრძნე ადგილს უთმობს ემოციურ თავშეუკავებლობას, რომელიც, თავის მხრივ, აშიშვლებს თვითკონტროლის დაკარგვას, სისუსტესა და ვითარებასთან გამკლავების უუნარობას.

სწორედ აქ არის მთავარი პრობლემის ფესვები თურქეთისთვის, ბელორუსიისა და სხვა სახელმწიფოებისთვის, რომელთა ლიდერები სირთულეებთან შეჯახებისას ასევე იქცევიან.

მსოფლიო ნამდვილად დგას გარდამავალ პერიოდში. ბევრ სახელმწიფოს გაუჩნდა სტატუსისა და საერთაშორისო არენაზე გავლენის დონის შეცვლის შესაძლებლობა. თურქეთისა თუ პოლონეთისთვის (რა დასამალია, რუსეთისთვისაც) ეს არის „დერჟავული“ ამბიციების რეალიზაციის შანსი, რასაც იქ დიდი ხანია ელოდნენ. მაგრამ იმისათვის, რომ დასახულ მიზანს მიაღწიო, აუცილებელია მაქსიმალურად ჭკვიანურად გაათამაშო კარტები — პოლიტიკური, ეკონომიკური, სამხედრო და სხვა. 

„საუკუნის გარიგება“ ტრამპს, ნეთანიაჰუს და, რაც მთავარია, რუსეთს დაეხმარება

აი, ოფიციალური პირების საჯარო ემოციურ აშლილობებსა და ფუჭ მუქარებს „ბოლო ჩინური გაფრთხილების“ ფორმატში კი ქვეყნისთვის საპირისპირო და საკმაოდ ხანგრძლივი ეფექტი მოსდევს.

ხუთი წლის განმავლობაში რუსეთი არაერთ გამოწვევას გადააწყდა, რომლებიც აბსოლუტურად ყველა წამოწყებას კრახით ემუქრებოდა. მაგრამ თვით ყველაზე დაძაბულ და კრიტიკულ მომენტებში, რომლებიც მრავლად იყო, მოსკოვი განუხრელად ავლენდა თავშეკავებასა და ცივსისხლიან თავდაჯერებულობას. ახლა შეიძლება მხოლოდ  ვიმარჩიელოთ, მართლაც თავდაჯერებულად გრძნობდა თავს სახელმწიფოს ხელმძღვანელობა თუ მხოლოდ „სახეს ინარჩუნებდა“, იცოდა რა, რომ მოწყვლადობისა და შფოთვის საჯაროდ ჩვენება არ შეიძლებოდა.

ასეა თუ ისე, შედეგები ცნობილია. ყირიმის ხიდი აგებულია. სოფლის მეურნეობაში იმპორტჩანაცვლებამ ქვეყანა მსოფლიო ბაზარზე წამყვან მოთამაშედ აქცია. სამხედრო ოპერაციამ სირიაში გამარჯვება და ხარისხობრივად ახალი როლი შესძინა სახელმწიფოს ახლო აღმოსავლეთში. ცოტა ხნის წინანდელი და მიმდინარე მიღწევების ჩამოთვლა დიდხანს შეიძლება გაგრძელდეს.

ამიტომ „გაზპრომის“ „არასდროს თქვა არასდროს“ ახლა აღიქმება არა როგორც პროექტის ჩავარდნის შენიღბვა, არამედ როგორც ჩვეულებრივი რუსული მიდგომა გარდაუვალი პრობლემებისადმი: ისინი უნდა გადაიჭრას — ხმამაღალი სიტყვებისა და მუქარით აღსავსე, თუმცა ფუჭი დაპირებების გარეშე.

შედეგად, მიუხედავად ამერიკელი მაღალჩინოსნების ყველა განცხადებისა, დასავლეთში პრაქტიკულად არავინ ეჭვობს, რომ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“ ბოლომდე აშენდება და ექსპლუატაციაშიც შევა. რუსეთმა დაამტკიცა, რომ ის სიტყვებს ჰაერზე არ ისვრის. თურქეთი (და არა მარტო) საკუთარ თავზე ამას ვერ იტყვის.

რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს