თბილისში პირველი მულტიფუნქციური ცენტრი გაჩნდება

მულტიფუნქციურ ცენტრში განთავსდება ფეხბურთის, ხელბურთისა და კალათბურთის მოედნები, სპორტული ორთაბრძოლების დარბაზი, საცურაო აუზები და ა.შ.
Sputnik

თბილისი, 18 თებერვალი — Sputnik. თბილისში პირველი მულტიფუნქციური ცენტრის მშენებლობა დაიწყო, განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თავის მიმართვაში, რომელიც Facebook-ის მეშვეობით გავრცელდა.

იოგა ქართულად: ჯანსაღი ცხოვრების წესი

მულტიფუნქციური ცენტრი ისანი-სამგორის რაიონში 15 ათას კვადრატულ მეტრ ფართობზე განთავსდება და 10 ათასზე მეტ ბენეფიციარს მოემსახურება.

მულტიფუნქციურ ცენტრში განთავსდება ფეხბურთის, ფრენბურთისა და კალათბურთის მოედნები, ტანვარჯიშის დარბაზი, მოეწყობა სპორტული ორთაბრძოლების დარბაზი, სადაც განვითარდება ძიუდოს, ჭიდაობისა და კარატეს სექციები.

ასევე მოეწყობა ტრენაჟორების სივრცე ფიტნეს-დარბაზთან ერთად, ორი საცურაო აუზი, კაფე, სპორტული ინვენტარის მაღაზია, მულტიფუნქციური ბიბლიოთეკა, საკონფერენციო დარბაზი, ხელოვნების სკოლა, ბოულინგისა და სამაგიდო თამაშების სივრცე, მიწისქვეშა პარკინგი.

მულტიფუნქციური ცენტრის მიზანი ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაცია და სულ უფრო მეტი ახალგაზრდის ჩართვაა სპორტულ ცხოვრებაში.

ცენტრის მშენებლობის დასრულება 2021 წელს იგეგმება.