არნო ხიდირბეგიშვილი: „დედა“ და „მამა“ ბგერების უბრალო ანაკრები არ არის

რუსეთის პრეზიდენტმა უარი თქვა ცნებების — „მშობელი №1“ და „მშობელი №2“-ის შემოღებაზე, რაც, პოლიტოლოგ არნო ხიდირბეგიშვილს აზრით, მართლმადიდებლური ქვეყნისთვის რწმენის საკითხიცაა და ღირსებისაც.
Sputnik

თბილისი, 17 თებერვალი – Sputnik. არც ერთ მართლმადიდებლურ ქვეყანას არ სჭირდება განმარტება, რატომ არ უნდა შეიცვალოს სიტყვები „დედა“ და „მამა“ ცნებებით „მშობელი №1“ და „მშობელი №2“, განაცხადა პოლიტოლოგმა და პუბლიცისტმა, „საქინფორმის“ მთავარმა რედაქტორმა არნო ხიდირბეგიშვილმა „Sputnik–საქართველოსთან“ საუბრისას. 

არნო ხიდირბეგიშვილი: ეს რევოლუციური ნაბიჯია

მან კომენტარი გააკეთა იმ ფაქტზე, რომ რუსეთის პრეზიდენტმა უარი თქვა ცნებების — „მშობელი №1“ და „მშობელი №2“-ის შემოღებაზე, რაც, პოლიტოლოგის აზრით, მართლმადიდებლური ქვეყნისთვის რწმენის საკითხიცაა და ღირსებისაც.

„საკითხი, რატომ არ უნდა იყოს „მშობელი №1“ და „მშობელი №2“ არც რუსეთში და არც საქართველოში, ჩემი აზრით, არც ერთ  მართლმადიდებლურ ქვეყანაში არ ითხოვს დამატებით კომენტარებსა და დამატებით დაზუსტებებს. იმიტომ რომ საქართველოშიცა და რუსეთშიც სახელმწიფო რელიგია მართლმადიდებლობაა, რომელიც კრძალავს ერთნაირსქესიანთა ქორწინებას“, – აღნიშნა პოლიტოლოგმა. 

ხიდირბეგიშვილი დარწმუნებულია, რომ რუსეთში არც ერთი პრეზიდენტის დროს, „10–20–30 და 100 წლის შემდეგაც, მსგავსი არასდროს მოხდება“.

რაც შეეხება საქართველოს, პოლიტოლოგის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი კურსი, როგორც კონსტიტუციაში გვიწერია, უალტერნატივოდ ევროატლანტიკურია, იმავე კონსტიტუციაში ჩაიწერა, რომ ოჯახი — ეს არის ქალისა და მამაკაცის კავშირი, ანუ ჰეტეროსექსუალური ქორწინება. 

ხიდირბეგიშვილი ამბობს, რომ ამ კანონის სხვაგვარად წაკითხვა შეუძლებელია. თუმცა, ამის მიუხედავად, მისი ინფორმაციით, ევროკავშირის ხელმძღვანელობასთან განსაკუთრებით დაახლოებული პირები „გვანიშნებენ, რომ ადრე თუ გვიან, მოგვიწევს შევურიგდეთ ამას და დავაკანონოთ ერთნაირსქესიანთა ქორწინება“. 

„მაგრამ სანამ ნამდვილი ქართველები არსებობენ, სანამ საქართველოში არსებობს მართლმადიდებლური ეკლესია, სრულიად გამორიცხულია, რომ საქართველოში მსგავსი ცვლილებები მოხდეს“, – დარწმუნებულია ხიდირბეგიშვილი. 

მისი თქმით, მეზობელ ქვეყნებს შორის ორთიერთობების აღდგენისას სწორედ ამ მომენტების მსგავსებას „უნდა დავეყრდნოთ და არა იმ საკითხებს, რომლებიც გვაშორებს და რომლებზეც წითელი ხაზები გადის“.