თბილისი, 17 თებერვალი — Sputnik. ხონის რაიონის სოფელ ჩაის მეურნეობაში ძლიერი ხანძრის გამო ერთ შენობაში განთავსებული სკოლა და საბავშვო ბაღი დაიწვა, აცნობეს „Sputnik-საქართველოს" კორესპონდენტს ხონის რაიონული ადმინისტრაციის პრეს-სამსახურში.
დროული ევაკუაციის წყალობით არავინ დაშავებულა. ხანძრის გაჩენის მიზეზი, სავარაუდოდ, ელექტროსადენებია. ხანძარი სასწავლო პროცესის დროს მეორე სართულის სხვენში გაჩნდა. ამ დროისთვის ზარალის დათვლა მიმდინარეობს. დაზიანებულია შენობის პირველი სართულიც.
ხონის რაიონის საგანმანათლებლო რესურს-ცენტრში „Sputnik-საქართველოს" განუცხადეს, რომ სკოლაში სულ 37 მოსწავლე სწავლობს.
„ოთხ კილომეტრში არის სოფელი დედალაური. ვფიქრობთ, რომ ბავშვები იქ გადავანაწილოთ. სავარაუდოდ, იქ გადავლენ და დღის მეორე ნახევარში ისწავლიან. ახლა ბავშვების ტრანსპორტირების საკითხს ვათანხმებთ", – განაცხადა ხონის საგანმანათლებლო რესურს-ცენტრის ხელმძღვანელმა ხათუნა ყურაშვილმა.
ხანძარი ლოკალიზებულია. სალიკვიდაციო სამუშაოებში შვიდი ბრიგადის 35 მეხანძრე–მაშველი მონაწილეობს.