თბილისი, 17 თებერვალი - Sputnik. საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა გენერალური პროკურორის თანამდებობაზე ირაკლი შოთაძის კანდიდატურას მხარი დაუჭირა.
შოთაძის საკითხს საპარლამენტო კომიტეტი შვიდი საათის განმავლობაში იხილავდა და შედეგად მას რვა დეპუტატმა დაუჭირა მხარი.
ამგვარად, შოთაძის კანდიდატურა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე კენჭისყრაზე გაიტანეს. გენერალური პროკურორის თანამდებობაზე მის ასარჩევად აუცილებელია 76 დეპუტატის ხმა.
მოსმენები საპარლამენტო კომიტეტში მიმდინარეობდა საპროტესტო აქციის ფონზე როგორც პარლამენტის შენობასთან, ისე სხდომათა დარბაზში, სადაც ოპოზიციონერმა დეპუტატებმა პერფორმანსი მოაწყვეს.
საქართველოს გენერალური პროკურორის თანამდებობა მას შემდეგ გათავისუფლდა, რაც 2019 წლის დეკემბრის ბოლოს პარლამენტმა ყოფილი გენერალური პროკურორი შალვა თადუმაძე უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ დაამტკიცა.
სკანდალი საქართველოს პარლამენტში: ოპოზიცია შოთაძის წინააღმდეგ გამოდის – ვიდეო >>
ირაკლი შოთაძე სამი წლის განმავლობაში იყო საქართველოს გენერალური პროკურორი - 2015 წლის ნოემბრიდან 2018 წლის მაისამდე. იგი იძულებული გახდა, თანამდებობა დაეტოვებინა ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდის მკვლელობის გახმაურებული საქმის გამო საზოგადოებრივი მღელვარების ფონზე.