თბილისი, 17 თებერვალი — Sputnik. ამერიკელმა დიზაინერმა დანიელა ბასკინმა (Danielle Baskin) წარმოადგინა სამედიცინო ნიღბის კონცეფცია, რომელიც კორონავირუსისა თუ სხვა ინფექციებისგანაც დაიცავს ადამიანს და იმავდროულად, არ შეუშლის ხელს პირადი სმარტფონის განბლოკვას, თუ მასზე სახის ამოცნობის ფუნქციაა დაყენებული.
დანიელას თქმით, პროექტი ახლა დამუშავების პროცესშია და ნიღბების მასობრივი წარმოება მას შემდეგ დაიწყება, რაც მათზე ადამიანის გამოსახულების რეალისტურად დატანა გახდება შესაძლებელი.
ირკვევა, რომ ინტერნეტ-სერვისზე მომხმარებლები შეძლებენ ატვირთონ საკუთარი სახე და სურათი ისე დაამუშავონ, რომ ის მაქსიმალურად რეალისტურად გამოყურებოდეს. ამის შემდეგ ფოტო რესპირატორულ ნიღაბზე ნატურალური საღებავებით დაიბეჭდება და როგორც დანიელა ბასკინი ამბობს, საიტზე ატვირთული სურათი წაიშლება.
გავრცელებული ინფორმაციით, ასეთი ნიღაბი დაახლოებით 40 დოლარი ეღირება.