კობი-გუდაურის გზაზე ზვავში მოყოლილი ტურისტი გარდაცვლილი იპოვეს

კობი-გუდაურის გზაზე ზვავი გუშინ, დაახლოებით პირველი საათისთვის ჩამოწვა. ტურისტთა ოთხკაციანი ჯგუფი აკრძალულ ზონაში სრიალებდა, რამაც სავარაუდოდ ზვავის ჩამოწოლა გამოიწვია
Sputnik

თბილისი, 16 თებერვალი - Sputnik. კობი-გუდაურის გზაზე ზვავში მოყოლილი რუსი ტურისტი გოგონა  დღეს დილით გარდაცვლილი იპოვეს, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი მთის კურორტების განვითარების კომპანიის სამაშველო სამსახურის უფროსის, ვაკო დუნდუას განცხადებაზე დაყრდნობით.

კობი-გუდაურის გზაზე ზვავში მოყოლილი ტურისტის ძებნა ხვალ დილით განახლდება

კობი-გუდაურის გზაზე ზვავში მოყოლილი რუსი ტურისტის სამძებრო სამუშაოები ხილვადობის გაუარესების გამო გუშინ შეწყდა და დღეს დილით განახლდა.

„დღეს დილით, 07:30 საათიდან განახლდა სამძებრო ოპერაცია 50-კაციანი შემადგენლობით. ჩავატარეთ ზონდირება, სადაც ჩამოწოლილი იყო ზვავი. 09:15 საათზე ნაპოვნი იყო ცხედარი, ახალგაზრდა გოგონასი, დაახლოებით 25 წლის. ცხედარი პროზექტურაშია გადასვენებული. ის ნამდვილად იყო აკრძალულ ზონაში და მით უმეტეს, არ ჰქონდა აღჭურვილობა, რაც უნდა ჰქონდეს გაუკვალავ თოვლში მოსრიალე ადამიანს“, - განაცხადა ვაკო დუნდუამ.

კობი-გუდაურის გზაზე ზვავი გუშინ, დაახლოებით პირველი საათისთვის ჩამოწვა. ტურისტთა ოთხკაციანი ჯგუფი აკრძალულ ზონაში სრიალებდა, რამაც სავარაუდოდ ზვავის ჩამოწოლა გამოიწვია. ზვავმა ერთი ტურისტი მოიყოლა, ხოლო დანარჩენები გადარჩნენ.

მთის კურორტების სააგენტოს პიარ-მენეჯერის, თამთა იაშაღაშვილის განცხადებით, აკრძალულ ზონაში, სადაც სრიალი არ შეიძლებოდა, ყველანაირი მინიშნება იყო გაკეთებული.