თბილისი, 16 თებერვალი – Sputnik. ჩინეთის სახმელეთო ნაწილში კორონავორუსით ინფიცირების დადასტურებული შემთხვევების რიცხვმა 68,5 ათასს მიაღწია, აქედან 1665 გარდაიცვალა, 9419 განიკურნა და გაეწერა კლინიკებიდან, იუწყება РИА Новости ჩინეთის ჯანდაცვის სახელმწიფო კომიტეტზე დაყრდნობით.
ჩინეთის ჯანდაცვის სახელმწიფო კომიტეტი აქვეყნებს აღნიშნულ ინფორმაციას 31 პროვინციაზე. ამჟამად ავადობს 57 416 ადამიანი, მათ შორის 11 272 ადამიანის მდგომარეობა მძიმეა.
გარდა ამისა, ჰონგ-კონგში გამოვლინდა ინფიცირების 56 შემთხვევა (აქედან ერთი ადამიანი გარდაიცვალა, ერთი კი გამოჯანმრთელდა). მაკაოში 10 ინფიცირებულია (სამი უკვე გაეწერა კლინიკიდან), ტაივანზე 18 ადამიანი დაავადდა (ერთი გამოჯანმრთელდა).
ამჟამად კარანტინში იმყოფება 8228 ადამიანი, დაავადებულებთან მჭიდრო კონტაქტში მყოფი 158,7 ათასი ადამიანი დაკვირვების ქვეშ იმყოფება.
ბოლო 24 საათში ინფიცირების 2009 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, საავადმყოფოებიდან 1323 ადამიანი გაეწერა, გარდაიცვალა 142, მძიმე მდგომარეობაში მყოფთა რაოდენობა ერთ დღე-ღამეში 219-ით გაიზარდა.
დაავადების გავრცელების კერაში - ჩინეთის პროვინცია ჰუბეიში კორონავირუსით ინფიცირების ახალი დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა ზედიზედ მესამე დღეა მცირდება, ამას პროვინციის ჯანდაცვის კომიტეტის მონაცემები მოწმობს.
ჰუბეის პროვინციაში მთელი ჩინეთიდან კოლეგების დასახმარებლად 25 ათასი მედიკოსი ჩავიდა.
ჩინეთის ხელისუფლებამ 2019 წლის 31 დეკემბერს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას ქალაქ უჰანში დაუდგენელი ტიპის პნევმონიის აფეთქების შესახებ აცნობა. სპეციალისტებმა დაადგინეს, რომ საქმე აქვთ კორონავირუსთან 2019-nCoV. ვირუსი ჩინეთის ფარგლებს გასცდა და მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში დაფიქსირდა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ახალი ტიპის კორონავირუსს ჩინეთიდან ოფიციალური სახელწოდება მიანიჭა - COVID-2019.