საქართველოში ციფრული მართვის სააგენტო იქმნება

ახალი სააგენტოს მიზანია ციფრული მართვის პრინციპების დანერგვა, მოქალაქეებისა და ორგანიზაციების სერვისებით უზრუნველყოფა, კიბერუსაფრთხოების განვითარება და უზრუნველყოფა
Sputnik

თბილისი, 15 თებერვალი - Sputnik. საქართველოს პარლამენტი განიხილავს ციფრული მართვის ახალი სააგენტოს შექმნის შესახებ კანონპროექტების პაკეტს, რომლის მიზანი ციფრული მართვის დანერგვა და კიბერუსაფრთხოების განვითარება იქნება.

სოციალურად დაუცველებს შემოწმების პერიოდში დახმარება აღარ შეუწყდებათ >>

საქართველოს პარლამენტის ვებგვერდზე გავრცელებული მასალების მიხედვით, ახალი სააგენტო იქმნება მონაცემთა გაცვლის სააგენტოს და სახელმწიფო კომპანია Smart Logic-ის გაერთიანების შედეგად.

ახალი სააგენტოს მიზანი იქნება ციფრული მართვის პრინციპების დანერგვა, მოქალაქეებისა და ორგანიზაციების მათზე ორიენტირებული ელექტრონული სერვისებით უზრუნველყოფა, კიბერუსაფრთხოების განვითარება და უზრუნველყოფა.

ამავდროულად, ახალი უწყება შეიმუშავებს ციფრული მართვის ერთიან სახელმწიფო პოლიტიკას, შემოიღებს ახალ ელექტრონულ სერვისებს, განავითარებს ინფორმაციის გაცვლის ერთიან სისტემას, ჩამოაყალიბებს საჯარო სექტორში ღია მონაცემების გამოქვეყნების ერთიან სტანდარტს და კიბერუსაფრთხოების საკითხებით დაკავდება.

საპარლამენტო არჩევნები 2020: ოდირის დასკვნა როგორც უთანხმოების საბაბი და სათადარიგო გეგმა

კანონპროექტში ასევე ნათქვამია, რომ ხელშეკრულების გაფორმების შემთხვევაში ახალი სააგენტო ოპტიმიზაციას გაუწევს ბიზნეს პროცესებს კერძო სექტორში და მათთვის პროგრამულ უზრუნველყოფას შექმნის.

ამავე დროს, კიბერუსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, ახალი სააგენტო მიიღებს უფლებას განახორციელოს აუდიტი სხვადასხვა კომპანიებში და წარადგინოს საკუთარი დასკვნა.

კანონპროექტის ავტორის, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს განცხადებით, ახალი სააგენტოს საქმიანობის შედეგად გაიზრდება ელექტრონული სერვისების რაოდენობა და განვითარდება ციფრული მმართველობა.

იუსტიციის სამინისტროს ინიციატივა უკვე გააკრიტიკეს არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებმა.

არასამთავრობო ორგანიზაცია „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ თვალსაზრისით, ახალი სააგენტოს უფლება გადაამოწმოს კერძო კომპანიები, საშუალებას მისცემს დანერგოს თავისი პროგრამები კერძო სექტორში, რაც, ერთის მხრივ, ხელისუფლებისთვის ხელმისაწვდომს გახდის კერძო ინფორმაციას, მათ შორის, შესაძლოა, კომერციულ საიდუმლოებებს და პირად მონაცემებს. მეორეს მხრივ, ეს შეიძლება იქცეს საფრთხედ თავისუფალი ბაზრისთვის, რადგან სააგენტომ ანალიზის შედეგების მიხედვით კიბერუსაფრთხოების უზრუნველსაყოფად საკუთარი პროგრამული უზრუნველყოფის დამონტაჟება შეიძლება მოითხოვოს.

თალაკვაძემ პარლამენტის საგაზაფხულო სესიის ძირითადი პრიორიტეტები დაასახელა

არასამთავრობო ორგანიზაციების პრეტენზიებზე იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ისაუბრა.

„რა თქმა უნდა, ჩვენ 2012 წლიდან დღემდე ვართ ძალიან სენსიტიური იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ იქნება ადამიანის უფლებები, პირადი ცხოვრება დაცული. როდესაც საქმე ეხება სახელმწიფო უსაფრთხოების თემებს, მათ შორის კიბერუსაფრთხოების პრევენციას და ასევე იმ მექანიზმს, რომლის შედეგადაც კიბერუსაფრთხოების სფეროში დანაშაულის ჩამდენი დამნაშავე პირები უნდა დაისაჯონ, ეს ბალანსი უნდა იყოს დაცული ერთი მხრივ სახელმწიფო უსაფრთხოებასა და მეორე მხრივ ადამიანის უფლებებში. თუკი ამ კანონპროექტში არის საზოგადოების მხრიდან გარკვეული კითხვის ნიშნები, დარწმუნებული ვარ, რომ როგორც ინიციატორს, ასევე კომიტეტს და შესაბამის უწყებებს აქვთ არგუმენტირებული პასუხი, რომ ეს ბალანსი მართლაც იყოს დაცული“, - განაცხადა წულუკიანმა.

სადავო პაკეტი უახლოეს დროს იქნება განხილული კომიტეტებში, შემდეგ კი დასამტკიცებლად პარლამენტს გადაეცემა.