თბილისი, 14 თებერვალი — Sputnik. საქართველოში საქონლის შემოტანა გაიზარდა – 2020 წლის იანვარში იმპორტმა 619,7 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2019 წლის იანვართან შედარებით 3,9%-ით მეტია, ნათქვამია ქვეყნის სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის" მასალებში.
იანვარში გაიზარდა ექსპორტიც – 2020 წლის დასაწყისიდან ქვეყნიდან 262,6 მლნ დოლარის ქართული პროდუქცია გაიტანეს, რაც 2019 წლის ამავე პერიოდთან შედარებით 10%-ით მეტია.
სულ საგარეო სავაჭრო ბრუნვა 2020 წლის იანვარში, 2019 წლის ამავე პერიოდთან შედარებით, 5,7%-ით გაიზარდა და 882,4 მლნ დოლარი შეადგინა (არაორგანიზებული ვაჭრობის გაუთვალისწინებლად).
ექსპორტის ზრდას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო რამდენიმე ფაქტორით ხსნის, მათ შორის, გასაღების ბაზრების გეოგრაფიის გაფართოებით.
კერძოდ, საქართველოს მთავრობა აქტიურად მუშაობს ექსპორტის შემდგომ ზრდასა და დივერსიფიკაციაზე. ახალი შეთანხმებები, რომლებიც თავისუფალი ვაჭრობის სფეროში გაფორმდა, ხელს უწყობს ქართული პროდუქციის გასაღების ბაზრის ზრდას, საექსპორტო პროდუქციის დივერსიფიკაციას და საექსპორტო პოტენციალისთვის დამატებითი ზრდის შესაძლებლობას ქმნის.
გაიზარდა ქართული თხილის, კარალიოკისა და ხურმის ექსპორტი>>
გასაღების ბაზრები
საქართველო წარმატებით ვაჭრობს მეზობლებთან – წლიდან წლამდე ამ მხრივ ლიდერობენ თურქეთი, რუსეთი და აზერბაიჯანი, ასევე ჩინეთი, ევროკავშირისა და დსთ-ის ქვეყნები. მონაცემები ამ ქვეყნებთან ექსპორტისა და იმპორტის შესახებ "საქსტატს" ჯერჯერობით არ გამოუქვეყნებია.
წარმატებით ვითარდება სავაჭრო ურთიერთობები ევროკავშირის ქვეყნებთან. ბოლო დროს საქართველომ თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება გააფორმა ევროკავშირთან, ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციის (EFTA) წევრ ქვეყნებთან, თურქეთთან, ჰონგ-კონგთან და ჩინეთთან.
საქართველომ ჯერ კიდევ Brexit-ის ამოქმედებამდე დიდ ბრიტანეთთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა და ამავეს ელოდება ბრიტანული მხარისგან. ეს ხელშეკრულება Brexit-ის პროცედურის დასრულების შემდეგ ამოქმედდება.
ნათია თურნავა: თბილისისა და ბაქოს ეკონომიკური ურთიერთობა ძალიან მაღალ დონეზეა>>
მოლაპარაკებები თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მალე დაიწყება ინდოეთთანაც. შეთანხმების ტექსტი უკვე მზადაა, ასევე შექმნილია მოლაპარაკებების ჯგუფები ორივე მხრიდან, რომლებიც ამჟამად მოლაპარაკებების პირველი რაუნდის ჩატარების თარიღის დათქმას ელოდებიან.
გარდა ამისა, აქტიურად განიხილება მსგავსი ხელშეკრულებების გაფორმების შესაძლებლობა იაპონიასთან და აშშ-თან.