COVID-19 - ბოლო ცნობები

რა გაძვირდება საქართველოში ჩინეთში არსებული სიტუაციის გამო

კორონავირუსის ეპიდემია ემუქრება არა მარტო მოსახლეობის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, არამედ მსოფლიო ეკონომიკას.
Sputnik

თბილისი, 14 თებერვალი — Sputnik. ჩინეთში კორონავირუსის აფეთქების გამო არსებულმა სიტუაციამ საქართველოში ამ ქვეყნიდან შემოტანილი პროდუქცია შეიძლება გააძვიროს, განუცხადა „Sputnik-საქართველოს“ ექსპერტმა ეკონომიკურ საკითხებში, პროფესორმა სოსო არჩვაძემ.

ჩინეთის საფონდო ბირჟები ჩამოიშალა: კორონავირუსი ეკონომიკას უტევს >>

ჩინური საქონელი და პროდუქტები საქართველოს სამომხმარებლო ბაზრის მნიშვნელოვანი ნაწილია, დაწყებული საყოფაცხოვრებო ტექნიკით, სათამაშოებით, კოსმეტიკური საშუალებებით, და დამთავრებული სასურსათო საქონლით. 2017 წელს საქართველომ და ჩინეთმა ხელი მოაწერეს თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებას. მას შემდეგ ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები კიდევ უფრო სწრაფად ვითარდება, რის შედეგადაც დღეს ჩინეთი საქართველოს მთავარი სავაჭრო პარტნიორების სიაში მესამე ადგილზეა. მაგრამ კორონავირუსის გამო ეს ურთიერთსასარგებლო კავშირები განუსაზღვრელი ვადით საფრთხის ქვეშ დადგა.

„საქართველო, გარკვეულწილად, უნდა გადაერთოს სხვა გასაღებისა და საქონლის შემოტანის ბაზრებზე. ამან შეიძლება მნიშვნელოვნად გაზარდოს იმ საქონლის ფასი, რომელიც ადრე ჩინეთიდან იყო შემოტანილი. მაგალითად, ჩინეთში აწყობილი მობილური ტელეფონების ნაცვლად ჩვენ შეგვიძლია მივიღოთ გერმანულები, რომელიც გაცილებით ძვირი ეღირება. ანუ, ამან შეიძლება გავლენა იქონიოს არა მხოლოდ ჩვენი ვაჭრობის რაოდენობრივ, არამედ ღირებულებით მაჩვენებლებზე“, – განაცხადა არჩვაძემ.

ექსპერტმა იმედი გამოთქვა, რომ პროცესი კონტროლის ქვეშ მოექცევა და ზიანი, რომელიც მიადგა ჩინეთის ეკონომიკას და, ზოგადად, გლობალურ ეკონომიკას, ისევე, როგორც საქართველოსა და ჩინეთს შორის ურთიერთობებს, მინიმალური იქნება.

საერთაშორისო სავალუტო ფონდი საქართველოს რეფორმებს კვლავ დააფინანსებს

ჩინეთს მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს გლობალურ ეკონომიკაში. ამიტომ კორონავირუსის ეპიდემია ემუქრება არა მხოლოდ მოსახლეობის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, არამედ გლობალურ ეკონომიკას.

„ჩინელები თავად აკეთებენ პროგნოზს, რომ ეს გავლენას მოახდენს ეკონომიკური ზრდის ტემპის შემცირებაზე, მათი წინასწარი შეფასებით, სადღაც მშპ-ის 1-1,5%-ით. ამან შეიძლება გავლენა იქონიოს მსოფლიო ეკონომიკის ზრდის მოცულობაზე, სადღაც 0,2-0,3% პუნქტით. რადგან მსოფლიო ზედმეტად არის მიბმული ჩინეთის ეკონომიკასთან. ჩინეთის ეკონომიკის წილი გლობალურ ეკონომიკაში არის 17%, ხოლო ჩინეთის წილი მსოფლიო მშპ-ის მთლიან ზრდაში დაახლოებით 40%-ია”, – განაცხადა არჩვაძემ.

რით ვაჭრობენ ქვეყნები

2019 წელს საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვამ ჩინეთთან შეადგინა დაახლოებით 1,1 მილიარდი დოლარი, რაც მთლიანი სავაჭრო ბრუნვის 8,5%-ს შეადგენს. ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვა, 2018 წელთან შედარებით, 5.3%-ით გაიზარდა.

შეასრულებს თუ არა თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებები პანაცეის როლს ქვეყნის ეკონომიკისთვის

გასულ წელს ჩინეთში გაიტანეს დაახლოებით 102,3 ათასი ტონა სპილენძის მადანი, 5.2 ათას ტონაზე მეტი ნატურალური ყურძნის ღვინო, 71.1 ტონა სამედიცინო და ვეტერინარული ინსტრუმენტები და ხელსაწყოები, დაახლოებით 1,8 ათასი ტონა სუნელები, 2.5 ათას ტონაზე მეტი ძვირფასი ლითონების მადანი და კონცენტრატი და ა.შ.

ჩინეთიდან იმპორტირებულია დაახლოებით 42.3 ათასი ტონა ნახშირბადოვანი ფოლადი, დაახლოებით 4 ათასი ტონა კონდიცირების მოწყობილობები, 341 ტონა კომპიუტერული ტექნიკა, დაახლოებით 9.1 ათასი ტონა საბურავები და ა.შ.

როდესაც საფრთხე შეიქმნა

ჩინეთის ხელისუფლებამ 2019 წლის 31 დეკემბერს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას ქალაქ უჰანში დაუდგენელი ტიპის პნევმონიის აფეთქების შესახებ აცნობა. სპეციალისტებმა დაადგინეს, რომ საქმე აქვთ კორონავირუსთან 2019-nCoV. ჯანმომ აფეთქება საერთაშორისო მნიშვნელობის საგანგებო სიტუაციად შეაფასა.

ინფექციურ საავადმყოფოში ჩინეთიდან ახლახანს დაბრუნებული 19 წლის მამაკაცი მოათავსეს

ამ დროისთვის, ჩინეთში კორონავირუსის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 1369 ადამიანს მიაღწია, ხოლო დაავადებულთა რიცხვმა 48,2 ათასს. სრულად გამოჯანმრთელდა 4740 ადამიანი.

ამჟამად მსოფლიოს 24 ქვეყანაში დაავადების დაახლოებით 400 შემთხვევაა დაფიქსირებული, დაიღუპა ორი ადამიანი.

რაც შეეხება საქართველოს, დაავადების ფაქტი არ გამოვლენილა. ქართველი სპეციალისტების სიტყვებით, საქართველო კვლავ მწვანე ზონაში, ანუ დაბალი რისკის ქვეყნებს შორისაა.

მიუხედავად ამისა, ქვეყანაში კორონავირუსთან დაკავშირებით გაძლიერებულია უსაფრთხოების ზომები. დროებით შეჩერებულია ავიამიმოსვლა ჩინეთთან, აიკრძალა ამ ქვეყნიდან ცხოველების იმპორტი, დაწესდა კონტროლი აეროპორტებსა და საზღვრებზე, მთელ ქვეყანაში მიმდინარეობს სერიოზული საინფორმაციო კამპანია მოსახლეობაში.