თბილისი, 14 თებერვალი — Sputnik. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ შრომაში ცოფიანმა ძაღლმა ორი მამაკაცი დაკბინა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.
ტელეკომპანიის ცნობით, ძაღლი, რომელსაც ცოფი აღმოაჩნდა, უპატრონო იყო.
ცოფის ვირუსის ორი შემთხვევა თბილისში: ცხოველების პატრონებს აფრთხილებენ>>
ლაგოდეხის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ეპიდემიოლოგის მაკა ხმალაძის განცხადებით, ცოფის შემთხვევა ცხოველის ლაბორატორიული გამოკვლევითაც დადასტურდა.
ხმალაძის თქმით, ცხოველის მიერ დაკბენილმა ერთ-ერთმა მამაკაცმა საჭირო ვაქცინაციაზე უარი განაცხადა. სპეციალისტები მის დარწმუნებას ცდილობენ, რომ მკურნალობა აუცილებელია. მეორე მამაკაცს კი უკვე უტარდება შესაბამისი მკურნალობა.
ლაგოდეხის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, ასევე მიმდინარეობს იმ ადამიანებთან შეხვედრაც, ვისაც, შესაძლოა, დაავადებულ ძაღლთან რამე სახის კონტაქტი ჰქონოდა.
ცოფი ადამიანს დაავადებული ცხოველის კბენით, ნაკაწრით ან ნერწყვით გადაეცემა. მისი განკურნება დროული ვაქცინაციით შეიძლება.