ქართველი ფეხბურთელი ესპანურ „რასინგში" ითამაშებს

გიორგი პაპუნაშვილის ახალი კლუბი ესპანეთის მეორე დივიზიონის – „სეგუნდა დივიზიონის" ბოლო ადგილზე იმყოფება.
Sputnik

თბილისი, 14 თებერვალი — Sputnik. ვამაყობ, რომ ვთამაშობ ასეთ დიდ კლუბში, განაცხადა 24 წლის ქართველმა ნახევარმცველმა გიორგი პაპუნაშვილმა, რომელიც ჟურნალისტებს „რასინგის" ახალი მოთამაშის სახით ოფიციალურად წარუდგინეს.

პრესკონფერენცია „პაპუს" მონაწილეობით, როგორც მას ესპანელმა გულშემატკივრებმა შეარქვეს, ქართულ ენაზე წარიმართა.

ესპანურმა საფეხბურთო კლუბმა ქართველი ნახევარმცველი წარადგინა

გიორგიმ აღნიშნა, რომ გუნდთან ურთიერთობაში პრობლემა არა აქვს, თუმცა ესპანური ენის გაუმჯობესება კი მოუწევს.

„ვულოცავ ახალ მწვრთნელს ხოსე ლუის ოლტრას დანიშვნას. სეზონის ბოლომდე კიდევ ბევრი დროა და თუ ერთი მთლიანი ვიქნებით, ლიგაში დარჩენას შევძლებთ", – აღნიშნა პაპუნაშვილმა.

პაპუნაშვილის ახალი კლუბი ამჟამად ესპანეთის მეორე დივიზიონის – „სეგუნდა დივიზიონის" ბოლო ადგილზე იმყოფება. „რასინგამდე" ქართველი სპორტსმენი „სარაგოსაში" თამაშობდა.

გიორგი პაპუნაშვილი თბილისის „დინამოს" აღზრდილია. ამ კლუბში მისი დებიუტი 2013 წელს შედგა. 2014-2015 წლების სეზონზე ის გუნდის საუკეთესო ბომბარდირი გახდა – გაიტანა 14 გოლი.

პაპუნაშვილის დებიუტი საქართველოს ნაკრებში 2014 წლის 14 ოქტომბერს გიბრალტარის წინააღმდეგ მატჩში შედგა.