- ქურდებს სალამი!..
- შემოვდივარ ზონაში, თქვენში პაპი რომელია?
- გაიკითხე, ძმაო...
და სათითაოდ ეკითხება ახალგაზრდა ბიჭი თავის თანატოლებს შესაბამის შეკითხვას. ამის შემდეგ კი იწყება ცხარე კამათი დაუწერელი კრიმინალური წესების მიხედვით.
ალბათ გეცნობათ სიტუაცია, არა? ბავშვობაში ერთხელ მაინც გექნებათ ყველას ნათამაშები „ქურდი ზონაში“. ეს ბავშვური თამაში სრულიად არაბავშვური სახელით ბოლო წლების ყველა თაობის ყველაზე პოპულარული თამაში იყო, მიუხედავად მისი არანორმატიული ლექსიკისა და სასტიკი წესებისა. დღეს არ მესმის, რატომ მოგვწონდა ასე, მაგრამ ვთამაშობდით ყველგან და სულ, სადაც კი ბიჭები ვიკრიბებოდით, მიუხედავად იმისა, რომ არასოდეს ვყოფილვართ მე და ჩემი მეგობრები კრიმინალური სუბკულტურის მიმდევრები.
წესები მარტივი იყო: წინასწარ შერჩეული მოთამაშე ციხეში ახლად შემოსული პატიმრის როლს ირგებდა, დანარჩენები კი ვალდებული იყვნენ რაც შეიძლება მეტი ჩამჭრელი შეკითხვა დაესვათ ახალი ვითომ პატიმრისთვის. წაგებული ის იყო, ვისაც თამაშის დროს რაიმე არასერიოზული წამოსცდებოდა, ან თუნდაც გაეღიმებოდა. წააგებდი და იმდენს გირტყამდნენ, რუსის ბარაბანს რომ არ მოხვედრია. იმდენი ხანი გიბრახუნებდნენ მთელი ძალით, სანამ წინასწარ შეთანხმებულ ე.წ. შემაჩერებელ სიტყვას სამჯერ არ გაიმეორებდი. მახსოვს, ერთხელ როგორ ჩავულურჯეთ გვერდები ჩემს მეგობარს, რომელსაც ბავშვობიდან ენა ებმოდა და მისთვის ერთი და იმავე სიტყვის სამჯერ გამეორება უბრალოდ წარმოუდგენელი იყო. ეს კიდევ არაფერი, ამ თამაშში ყველაზე სასტიკი ალბათ მაინც ე.წ. წიხლების კორიდორი იყო, რომლის გავლასაც მხოლოდ მაშინ გაიძულებდნენ, თუ შემაკავებელი სიტყვის სამჯერ გამეორების გარეშე თავის დაცვას შეეცდებოდი. კორიდორის გავლისას კი გვერდებზე ჩამწკრივებული ბიჭები მომღიმარი სახეებით წიხლებს გირტყამდნენ, სანამ კორიდორის დასაწყისიდან ბოლომდე არ გახვიდოდი.
ეს თამაში თურმე სინამდვილეში არც არასოდეს არ ყოფილა საბავშვო... ჭორის დონეზე ვიცოდით, მაგრამ ბოლომდე არასოდეს ვიყავით დარწმუნებული, რომ ეს ყველაფერი მართლა შეიძლებოდა ციხეში ახალი პატიმრების შემოწმების აპრობირებული მეთოდი ყოფილიყო.
თურმე ეს მეთოდი სათავეს პოსტსაბჭოთა პოლონეთის ციხიდან იღებს, სადაც ყველა ახალ პატიმარს ერთ ფუნდამენტურ შეკითხვაზე უნდა გაეცა პასუხი: გრიპსერი ხარ? გრიპსერები პოლონეთის ციხეების დომინანტური დაჯგუფებაა, რომლებიც წევრებს ძირითადად აღნიშნულ კითხვაზე პასუხისა და ხანგრძლივი დაკვირვების შემდეგ ირჩევდნენ.
თამაში მაშინ სახალისო იყო, მაგრამ რეალურად ბავშვებში კრიმინალური აზროვნების ჩამოყალიბებაში დიდ როლს თამაშობდა. ამ თამაშისას მოპოვებული რეპუტაცია დიდ გავლენას ახდენდა გარშემო მყოფ მოზარდებზე. შესაბამისად, ყველას უნდოდა კარგი „მოთამაშე“ ყოფილიყო. ამიტომაც უფრო და უფრო მეტს სწავლობდნენ კრიმინალური კულტურის შესახებ.
დროთა განმავლობაში კი ის ბავშვები, რომლებმაც კრიმინალური ცოდნის მაღალი დონე გამოავლინეს, გამოეყვნენ სხვა თანატოლებს და თითქოსდა იერარქიის უფრო მაღალ საფეხურზე დაიკავეს დამსახურებული ადგილი.
შესაბამისად, კრიმინალური წესებისა და კულტურის კარგად შესწავლა საზოგადოებაში თვითდამკვიდრების გარანტია იყო.
იმის უკეთესად წარმოსაჩენად, თუ რატომ არის კრიმინალური სუბკულტურა პოპულარული ახალგაზრდებში, ჩემს რამდენიმე მეგობარს გავესაუბრე, რომლებიც თავის დროზე ქუჩურ ცხოვრებაში აქტიურად იყვნენ ჩართული. ისინი ძირითადად საკითხის დადებით მხარეზე მესაუბრნენ. მათი თქმით, ქუჩა ყველაზე კარგი მასწავლებელი იყო. ჩემი მეგობრების ნათქვამი მოკლედ რომ განვიხილოთ, ბიჭები, რომლებსაც „ქუჩური ცოდნა“ გააჩნიათ, ყოველთვის უფრო მაღლა იდგებიან, ვიდრე სხვები, რადგან ყველგან და ყოველთვის ექნებათ საკუთარი თავის იმედი. როგორც ისინი ამბობენ, ახალგაზრდას მუშტის ქნევასთან ერთად სიტყვითაც უნდა შეეძლოს საკუთარი თავის დაცვა. ჟარგონულად რომ ვთქვათ, თუ იგი საკუთარი საქციელის „ახსნას“ ვერ მოახერხებს, ვერც ვერავის დაარწმუნებს თავის სიმართლეში. სწორედ ეს უკანასკნელი უბიძგებს ბავშვებს უკეთესად ჩაეძიონ კრიმინალურ სამყაროს და უკეთესად ისწავლონ ის ენა, რა ენაზეც მოუწევთ თავისი საქციელის გამართლება.
ჩემს გარშემო ხშირად იყვნენ ისეთი მოზარდებიც, რომლებიც რეალურად კარგად სწავლობდნენ, მაგრამ ამავდროულად მიდრეკილება ქუჩის ინსტიტუტისკენ ჰქონდათ. სწავლა მათი რეალური მოთხოვნილება არასოდეს ყოფილა, აქ უფრო მშობლების დიდი ზეწოლა იგრძნობოდა. ქუჩა კი ასეთი ბავშვებისთვის პროტესტის გამოხატვის საშუალება იყო.
სკოლა თუ ქუჩა? მოზარდების ამ არჩევანზე ყველაზე დიდი გავლენა თავად სკოლას, სამეგობროს და ოჯახს აქვს. აუცილებელია ახალგაზრდამ იცოდეს, რომ იგი მნიშვნელოვანია და მას უსმენენ. უმნიშვნელობის განცდა მოზარდში შეიძლება დევიანტურ ქცევაში გამოიხატოს და მისთვის მისაბაძი მაგალითი სწორედ ისეთი დევიანტები გახდნენ, როგორებიც კრიმინალები არიან. აქედან გამომდინარე, თუ მოზარდს არ მოუსმენს სკოლა ან ოჯახი, მაშინ მოუსმენს ქუჩა.
კრიმინალისკენ მიდრეკილებას ხშირად უპერსპექტივობის შეგრძნებაც აჩენს, როცა მოზარდი საკუთარ თავს სხვაგან ვერ ხედავს, სკოლის შემდეგ ვერ აბარებს უმაღლეს სასწავლებელში, არ აქვს ჰობი, ან არ აქვს სამსახური და ა.შ.
ამ პრობლემის თავიდან ასაცილებლად სასურველია მშობელმა რაც შეიძლება მეტი დრო გაატაროს საკუთარ შვილებთან, ახლოს გაიცნოს მისი მეგობრები, ესაუბროს განვლილ დღეზე, ჰკითხოს პრობლემების შესახებ და დაეხმაროს მათ დაძლევაში. აპოვნინეთ საყვარელი საქმე, შეიყვანეთ სპორტზე ან მუსიკაზე.
საბოლოო ჯამში, მე თუ მკითხავთ, ძალიან კარგია და, მეტიც, აუცილებელია, როცა მოზარდს ყველანაირ სიტუაციაში საკუთარი თავის დაცვა შეუძლია, მით უმეტეს, ჩვენი საზოგადოების პირობებში. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მოზარდების ქუჩური ცხოვრება ამით შეიძლება გამართლდეს. თქვენ ახლა შეიძლება ძალიანაც გიზიდავდეთ ტონი მონტანა, ანტონი სოპრანო, ან სულაც ქართველ ლიმონაზე გიჟდებით „თეთრი ბაირაღებიდან“, მაგრამ კრიმინალური ცხოვრება ახლოდან არცთუ ისე მიმზიდველია და თქვენი კარგი დამოკიდებულება ამგვარი ცხოვრების მიმართ უფრო კრიმინალის უსაფუძვლო რომანტიზაციის შედეგია.