„ეს მნიშვნელოვანია": უგულავას საქმის შესასწავლად ევროპარლამენტის მისია ჩამოვა

საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერის გიორგი ვოლსკის აზრით, საქართველოში ევროპარლამენტის მისიის ჩამოსვლა ქვეყანაში პოლიტიკური ვითარების სტაბილურობისთვის მნიშვნელოვანი იქნება.
Sputnik

თბილისი, 13 თებერვალი — Sputnik. ოპოზიციური პარტია „ევროპული საქართველოს" ერთი-ერთი ლიდერის გიგი უგულავას საქმის შესწავლის მიზნით საქართველოში ევროპარლამენტის მისიის ჩამოსვლა ქვეყნისთვის ძალზე მნიშვნელოვანია, განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ ბრიფინგზე.

უგულავას საქმე: საქართველოში ევროპარლამენტის მისია ჩამოვა

სტრასბურგში სამუშაო ვიზიტის დროს პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ლიდერებმა – გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ და აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ უგულავას საქმის შესასწავლად ევროპარლამენტს მისიის გამოგზავნა შესთავაზეს. საპარლამენტო არჩევნების წინ ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის დაკავებამ ევროპარლამენტარების მხრიდან კრიტიკა გამოიწვია.

„ეს თემა უნდა გახდეს საერთაშორისო მსჯელობის საგანი მხოლოდ მას შემდეგ, რაც კომპეტენტური დასკვნა იქნება გაკეთებული, წინააღმდეგ შემთხვევაში აზრთა სხვადასხვაობა მნიშვნელოვნად აზიანებს საქართველოს და მის სტაბილურობას და ქმნის არასწორი ინფორმაციის გავრცელების წინაპირობას", – განაცხადა ვოლსკიმ.

ამასთან, მან გაკვირვება გამოთქვა, რომ ოპონენტები სკეპტიკურად მიუდგნენ ევროპარლამენტის მისიის ჩამოსვლას და უარი თქვეს მისიის მიღებაზე. ვოლსკის სიტყვებით, ევროპარლამენტის მისიის ჩამოსვლა ქართული საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი იქნება არა მარტო იმ თვალსაზრისით, რომ პოლიტიკური პროცესი სტაბილური გახდება, არამედ იმიტომაც, რომ საზოგადოებამ ოპოზიციისა და მმართველი პარტიის პოზიციებში განსხვავება დაინახოს.

სასჯელის ახალი ვადა უგულავამ 2011-2012 წლებში თბილისის განვითარების ფონდიდან 48 მლნ ლარის გაფლანგვისთვის მიიღო. საქმის მასალებით, აღნიშნული თანხა მაშინდელი მმართველი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" კოორდინატორების დაფინანსებაზე დაიხარჯა.

თავიდან უგულავას ბრალი „გაფლანგვის" მუხლით ჰქონდა წარდგენილი. თუმცა, როდესაც 2018 წლის თებერვალში საქმე თბილისის საქალაქო სასამართლომდე მივიდა, მან ბრალდება "სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების" მუხლით გადააკვალიფიცირა.

„აშშ-ის საელჩო იმედგაცრუებულია“ - დასავლეთმა საქართველოში მომხდარი მოვლენები შეაფასა

ამ საქმეზე უგულავას 1 წლითა და 3 თვით პატიმრობა შეეფარდა, თუმცა, რამდენადაც ეს ვადა მან პატიმრობაში გაატარა „ნაცმოძრაობის" აქტივისტებისთვის ფიქტიური სამუშაო ადგილების შექმნის საქმეზე, ამ მუხლით იგი არ დააკავეს, ვინაიდან, მოქმედი კანონმდებლობით, მას უკვე მოხდილი ჰქონდა აღნიშნული ვადა.

პროკურატურა საქმის გადაკვალიფიცირებით უკმაყოფილო დარჩა და სააპელაციო სასამართლოს მიმართა. მაგრამ თბილისის სააპელაციო სასამართლომ 2018 წლის დეკემბერში უგულავა ისევ მხოლოდ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაში ცნო დამნაშავედ და სასამართლოს პირველი ინსტანციის განაჩენი დატოვა ძალაში.

2020 წლის თებერვალში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის პალატამ ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა საქართველოს პროკურატურის საკასაციო საჩივარი გიგი უგულავას საქმეზე, მიიღო გადაწყვეტილება ბრალის გადაკვალიფიცირების („მითვისება-გაფლანგვა") შესახებ და ცხრა წლით პატიმრობა შეუფარდა. თუმცა, ამნისტიის შესახებ კანონისა და იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ გიგი უგულავას სამწლიანი პატიმრობა სხვა საქმეზე აქვს მოხდილი, მას მოსახდელად სამი წლითა და ორი თვით პატიმრობა დაეკისრა.

სასამართლოს აღნიშნულმა გადაწყვეტილებამ ოპოზიციური სპექტრისა და არასამთავრობო ორგანიზაციების უკმაყოფილება გამოიწვია. ამის გამო ოპოზიციამ ხელისუფლებასთან მოლაპარაკებების გაგრძელებაზე უარი განაცხადა. განსაკუთრებული აღშფოთება იმან გამოიწვია, რომ უზენაეს სასამართლოში უგულავას მსჯავრი გამოუტანა შალვა თადუმაძემ, რომელიც ამ საქმის გამოძიების პერიოდში პროკურატურას ხელმძღვანელობდა. უგულავას ადვოკატის განცხადებით, აღნიშნულ საქმეზე სარჩელი ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში შევა.

გიგი უგულავა იყო ერთ-ერთი ყველაზე აქტიური პოლიტიკოსი საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გუნდში და 2005 წლიდან თბილისის მერი. მაგრამ საქართველოში ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, 2013 წლის 22 დეკემბერს სასამართლომ გაფლანგვის ბრალდებით ის თანამდებობიდან გაათავისუფლა. მოგვიანებით დაემატა ფიქტიური სამუშაო ადგილების შექმნის ბრალდება და საერთო ჯამში უგულავამ საპატიმროში 2 წელი და 7 თვე გაატარა. 2017 წლის დასაწყისში უგულავა გათავისუფლდა და შეუერთდა „ევროპულ საქართველოს". ბოლო დრომდე პარტიაში ის ლიდერის როლს ასრულებდა.