„ნორმანდიული ფორმატი“ საქართველოსთან: რუსეთი იდეას კვლავ არ იწონებს

როგორც მანამდე რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანმა დმიტრი პესკოვმა აღნიშნა, „ნორმანდიული ფორმატი“ უნიკალურია და ის უკრაინისთვის შეიქმნა, საქართველოსთან კი პრობლემა განსხვავებულია.
Sputnik

თბილისი, 11 თებერვალი — Sputnik. საქმე არა ფორმატების რაოდენობაში, არამედ პოლიტიკური ნების არსებობაშია, რათა დაგროვილი პრობლემები გადაიჭრას და ორივე მხარისთვის მისაღები გამოსავალი მოიძებნოს, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ანდრეი რუდენკომ. 

რუსეთმა საქართველოსთან „ნორმანდიული ფორმატით“ მოლაპარაკების იდეა არ მოიწონა

ასეთი კომენტარი გააკეთა მინისტრის მოადგილემ ქართული მხარის მიერ გამოთქმული იდეის თაობაზე, რომელიც რუსეთთან „ნორმანდიულის“ ანალოგიურ ფორმატში მუშაობას გულისხმობს. საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის თქმით, რუსეთთან მოლაპარაკებათა არსებული ფორმატები ტექნიკური ხასიათისაა და შედეგი არ მოაქვს. ამიტომ ორივე ქვეყნისთვის სასარგებლო იქნებოდა, რომ მოსკოვთან დიალოგი „ნორმანდიული ფორმატის“ ანალოგიურად წარმოებულიყო.

„ჩვენ უკვე მივეცით ამას შეფასება. კვლავინდებურად ამოვდივართ იქიდან, რომ რეგიონული უსაფრთხოების პრობლემატიკა ჟენევის დისკუსიების საგანია... მოლაპარაკებათა ამ ფორმატმა დაამტკიცა მასზე მოთხოვნა. დარწმუნებული ვარ, რომ მისი პოტენციალი ბოლომდე არაა გამოყენებული“, — განაცხადა რუდენკომ.

როგორც მანამდე რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანმა დმიტრი პესკოვმა აღნიშნა, „ნორმანდიული ფორმატი“ უნიკალურია და ის უკრაინისთვის შეიქმნა, საქართველოსთან კი პრობლემა განსხვავებულია.

საქართველომ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები 2008 წელს გაწყვიტა, მას მერე, რაც აგვისტოს ომის შემდეგ მოსკოვმა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის სუვერენიტეტი აღიარა.

ამჟამად ქვეყნებს შორის დიალოგი შენარჩუნებულია ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფორმატში და პრაღაში რუსი სენატორის გრიგორი კარასინისა და რუსეთთან ურთიერთობების დარეგულირების საკითხში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის ზურაბ აბაშიძის რეგულარული შეხვედრების ფორმატებში.