COVID-19 - ბოლო ცნობები

უკრაინის მოქალაქეს კორონავირუსი დაუდგინდა

ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ამჟამად მგზავრი ლაინერიდან იაპონიის საავადმყოფოშია გადაყვანილი, სადაც მინიმუმ ორ კვირას დაჰყოფს
Sputnik

თბილისი, 10 თებერვალი - Sputnik. მწვავე რესპირატორული დაავადება, გამოწვეული 2019-nCoV კორონავირუსით, უკრაინის ერთ-ერთ მოქალაქეს, Diamond Princess ლაინერის მგზავრს დაუდგინდა. იუწყება „Sputnik-ბელარუსი“ უკრაინის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით.

„ლაინერის Diamond Princess ბორტზე მყოფ უკრაინელს, ლაინერის მგზავრს, ლაბორატორიული კვლევების შედეგად, 2019-nCoV კორონავირუსით გამოწვეული მწვავე რესპირატორული დაავადება დაუდგინდა“, - აღნიშნეს სამინისტროს პრესსამსახურში.

ჩინეთის ელჩი საქართველოს ხალხსა და მთავრობას მადლობას უხდის >>

აღნიშნული ინფორმაცია მიღებულია ურთიერთინფორმირების ფარგლებში საერთაშორისო სამედიცინო-სანიტარული წესების ნაციონალური კოორდინატორისგან.

ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ამჟამად უკრაინის მოქალაქე ლაინერიდან იაპონიის დედაქალაქის რეგიონულ საავადმყოფოშია გადაყვანილი.

„იქ იზოლაციაში მუდმივი სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ არანაკლებ 14 დღეს დაჰყოფს. უკრაინის ჯანდაცვის სამინისტრო ყოველდღიურად მიიღებს ინფორმაციას მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ“, - დააზუსტეს უწყებაში.

ლაინერის ყველა უკრაინელ მგზავრს, რომლებიც იაპონიაში იმყოფებიან, დაბრუნების შემდეგ სამედიცინო-სანიტარულ მეთვალყურეობას დაუწესებენ, თუმცა მათი დაბრუნების თარიღი ჯერ არ არის გარკვეული.

იძულებითი კარანტინი: Diamond Princess-ის მგზავრებს კომპენაციებს გადაუხდიან

საკრუიზო ხომალდი Diamond Princess-ი კაგოსიმა-ჰონგ-კონგი-ოკინავას მარშრუტით 14-დღიან კრუიზს ასრულებდა. ორშაბათს ის გამგზავრების პუნქტში უნდა დაბრუნებულიყო, თუმცა გაირკვა, რომ 80 წლის მგზავრს, რომელიც ჰონგ-კონგში ხომალდიდან ჩამოვიდა, ახალი ტიპის კორონავირუსი გამოუვლინდა.

ორშაბათს რამდენიმე მგზავრმა თავი შეუძლოდ იგრძნო, იაპონიის ხელისუფლებამ მიიღო ხომალდის რეიდზე გაჩერების და მგზავრების შემოწმების გადაწყვეტილება. სულ ხომალდზე 2666 სტუმარი და 1045 ეკიპაჟის წევრი იმყოფებოდა.

კორონავირუსი

ჩინეთის ხელისუფლებამ 31 დეკემბერს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას ქალაქ უჰანში უცნობი პნევმონიის აფეთქების შესახებ აცნობა. სპეციალისტებმა დაადგინეს დაავადების გამომწვევი - 2019-nCoV კორონავირუსი. ბოლო მონაცემებით, ამ ვირუსით დაავადდა 40,1 ათასი ადამიანი, ჩინეთში ვირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 908-ს მიაღწია.

დაავადებულთა საერთო რაოდენობიდან გარდაცვლილია დაახლოებით 2%. გამოჯანმრთელდა 3281 ადამიანი. გასულ შაბათ-კვირას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ განაცხადა, რომ ვითარება სტაბილიზებულია.

პნევმონიის აფეთქების გამო საქართველომ დროებით შეაჩერა ფრენები ჩინეთიდან. აიკრძალა ჩინეთიდან ცხოველების იმპორტი. აეროპორტებსა და სასაზღვრო პუნქტებში სპეციალისტები ყველა მგზავრს ამოწმებენ. ჯანდაცვის სამინისტრო მოსახლეობაში საინფორმაციო კამპანიას ატარებს.