მსოფლიო დღეს

სომხეთში საკონსტიტუციო ცვლილების საკითხზე რეფერენდუმი ჩატარდება

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ქვეყნის ფარგლებს გარეთ მყოფ სომხეთის მოქალაქეებს რეფერენდუმში მონაწილეობის მისაღებად სამშობლოში დაბრუნებისკენ მოუწოდა
Sputnik

თბილისი, 10 თებერვალი - Sputnik. სომხეთის პრეზიდენტმა არმენ სარქისიანმა ხელი მოაწერა განკარგულებას რეფერენდუმის ჩატარების შესახებ, იუწყება „Sputnik-სომხეთი“.

„რეფერენდუმი საკონსტიტუციო ცვლილებებზე დაინიშნოს 2020 წლის 5 აპრილს“, - ნათქვამია პრეზიდენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განკარგულებაში. 

სომხეთის პარლამენტმა 6 თებერვლის რიგგარეშე სხდომაზე კენჭისყრის შედეგად მიიღო რეფერენდუმის ჩატარების გადაწყვეტილება საკონსტიტუციო სასამართლოს საკითხზე.

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი სომხეთს ეწვევა

ფრაქცია „ჩემი ნაბიჯის“ მიერ შემუშავებული საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი ითვალისწინებს 2015 წლის საკონსტიტუციო რეფორმამდე დანიშნული საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარისა და წევრების უფლებამოსილების შეწყვეტას. ეს ცვლილება არ ეხება სასამართლოს ცხრიდან მხოლოდ ორ მოსამართლეს - ვაგა გრიგორიანსა და არმენ დილანიანს. დანარჩენი შვიდი მოსამართლე საკონსტიტუციო სასამართლოს წევრი გახდა ძირითადი კანონის 1995 და 2005 წლების რედაქციის დებულებების შესაბამისად.

რეფერენდუმი ჩატარებულად და კონსტიტუცია შეცვლილად ჩაითვლება, თუ მას რეფერენდუმის მონაწილეთა ნახევარი, მაგრამ რეფერენდუმში მონაწილეობის უფლების მქონე მოქალაქეთა არანაკლებ 1/4  დაუჭერს მხარს.

2018 წლის მონაცემებით, არჩევნებში მონაწილეობის უფლება აქვს სომხეთის 2 593 140 მოქალაქეს. საკონსტიტუციო ცვლილებების მისაღებად მათ მხარი, სულ მცირე, 648 285-მა ადამიანმა უნდა დაუჭიროს.

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლო ფაშინიანმა, თავის მხრივ, ქვეყნის ფარგლებს გარეთ მყოფ სომხეთის მოქალაქეებს სამშობლოში დაბრუნებისა და რეფერენდუმში მონაწილეობის მიღებისკენ მოუწოდა.