თბილისი, 10 თებერვალი — Sputnik. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა სასამართლოს განჩინების საფუძველზე თბილისის მერიის ააიპ „მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტოს" ადმინისტრაციის ყოფილი უფროსი და შპს „ტექრეისერსის" ფაქტობრივი მფლობელი დააკავა, ხოლო სისხლის სამართლის პასუხისგებაში სამი პირი მისცა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
თბილისში მანქანის გატაცების ინსცენირებისთვის 59 წლის ქალი დააკავეს>>
სუს-ის ინფორმაციით, „მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტოს" ყოფილ უფროსს ბრალად ედება სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით დიდი ოდენობით სხვისი ქონების მითვისება და სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით დიდი ოდენობით სხვისი ნივთის მოტყუებით დაუფლება, ხოლო „ტექრეისერსის" ფაქტობრივ მფლობელს – სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით დიდი ოდენობით სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მითვისებაში დახმარება.
გამოძიების მიხედვით, თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტოს ადმინისტრაციის ყოფილმა უფროსმა 34,5 ათასი ლარით გაზრდილ ფასად შპს „ტექრეისერსისგან" შეისყიდა 23 ლეპტოპი. გაზრდილი ფასის შედეგად დარჩენილ სხვაობას კი მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა შპს „ტექრეისერსის" დირექტორისა და ამავე კომპანიის ფაქტობრივი მფლობელის დახმარებით.
„ასევე, ააიპ „მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტოში" სააგენტოს ადმინისტრაციის ყოფილმა უფროსმა თავისი რეკომენდაციით 2019 წლის აგვისტოში დაასაქმა ორი პირი, რომლებიც მასთან წინასწარი შეთანხმებით არ ასრულებდნენ დაკისრებულ უფლება-მოვალეობებს, არ ცხადდებოდნენ სამსახურში, სახელფასო ბარათები გადაცემული ჰქონდათ ადმინისტრაციის ყოფილი უფროსისთვის, რომელიც მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა აღნიშნული პირების სახელზე ჩარიცხულ 29 ათას ლარს", – აღნიშნულია განცხადებაში.
რუსთავში ყალბი ოქროს ნაკეთობის გაყიდვის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს>>
გამოძიება სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით დიდი ოდენობით თაღლითობის, დიდი ოდენობით მითვისების, დიდი ოდენობით სხვისი ნივთის მოტყუებით დაუფლებისა და დიდი ოდენობით სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მითვისებაში დახმარების ფაქტებზე მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას შვიდიდან 11 წლამდე ვადით.
გამოძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო აწარმოებს.