COVID-19 - ბოლო ცნობები

ჩინეთის ელჩი საქართველოს ხალხსა და მთავრობას მადლობას უხდის

დღევანდელ ბრიფინგზე დიპლომატმა ისაუბრა სიტუაციაზე კორონავირუსთან დაკავშირებით და იმ პრევენციურ ზომებზე, რომლებსაც იღებს ჩინეთის მთავრობა ეპიდემიის გასაჩერებლად
Sputnik

თბილისი, 9 თებერვალი — Sputnik. ჩინეთის მთავრობა ყურადღებით აკვირდება საქარტველოში მყოფი ჩინელების ჯანმრთელობის მდგომარეობას, განაცხადა საქართველოში ჩინეთის ელჩმა ლი იანმა.

მილიონი წამალში: ჯეკი ჩანმა კორონავირუსის ვაქცინის გამოგონებისთვის ჯილდო დააწესა >>

მისი თქმით, კორონავირუსის გამოვლენის შემდეგ ჩინეთი მჭიდრო კომუნიკაციაშია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან, ეკონომიკის, ჯანდაცვის სამინისტროებთან, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრთან, შსს-ს სასაზღვრო პოლიციასთან, ავიაციის სააგენტოსთან და ქვეყნის სხვა უწყებებთან. საელჩო რეგულარულად აცნობს ქართულ მხარეს ინფორმაციას ჩინეთში არსებული ეპიდსიტუაციისა და მიმდინარე პრევენციული ზომების შესახებ.

„ჩვენი საელჩო დიდ ყურადღებას აქცევს საქართველოში ჩინეთის მოქალაქეების ჯანმრთელობის მდგომარეობას, ასევე, მოვუწოდებთ საქართველოში მცხოვრებ ან დროებით მყოფ ჩინეთის მოქალაქეებს, ითანამშრომლონ საქართველოს ხელისუფლებასთან ვირუსის პრევენციისა და კონტროლის მიზნით გატარებული ღონისძიებების ფარგლებში“, - განაცხადა ჩინეთის ელჩმა.

მხოლოდ ჩინელებისთვის: შეიქმნა მობილური დანართი კორონავირუსის რისკის შესამოწმებლად

მან კმაყოფილება გამოხატა იმით, რომ ჩინეთისა და საქართველოს მჭიდრო კომუნიკაციით ქვეყანაში კორონავირუსის შემთხვევები არ გამოვლენილა.

ლი იანმა მადლობა გადაუხადა საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას მხარდაჭერის წერილებისთვის, რომლებიც ჩინეთის ხელისუფლების მისამართით გაიგზავნა.

მან მადლობა გადაუხადა საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანს, რომელმაც თავისი განცხადებით დაუდასტურა ჩინეთს თავისი ურყევი მხარდაჭერა, ხოლო ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ მოუწოდა თანამოქალაქეებს არ დაუშვან საქართველოში ჩინელების დისკრიმინაცია.

„ხუბეის პროვინციის ქალაქ უჰანში მცხოვრებმა საქართველოს რამდენიმე მოქალაქემ საქართველოში დაბრუნება არჩია, ჩინეთი პატივს სცემს ამ გადაწყვეტილებას და მათ შესაბამისი დახმარებაც გაუწია. საქართველოს კიდევ უფრო მეტმა მოქალაქემ კი ჩინეთში დარჩენა გადაწყვიტა, ისინი ენდობიან ჩინეთის მთავრობის მიერ მიღებულ პრევენციულ ზომებს და სჯერათ, რომ ეპიდემია კონტროლს დაექვემდებარება“, - აღნიშნა ელჩმა.

საქართველოს მოქალაქეები ჩინეთიდან თბილისში დაბრუნდნენ

ლი იანმა ასევე ისაუბრა ჩინეთში მიმდინარე სიტუაციაზე. მისი თქმით, სკოლებსა და საბავშვო ბაღებში სასწავლო პროცესი გადაიდო, დროებით შეჩერებულია შიდა სა საგარეო ჯგუფური ტურიზმი. ადამიანებს უსინჯავენ სხეულის ტემპერატურას და ჯანმრთელობის მდგომარეობას. ჩინეთის 31 პროვინციაში, რეგიონსა და ქალაქში მიმდინარეობს უწყვეტი დაკვირვება ეპიდემიაზე. მიმდინარეობს პაციენტების ინტენსიური მკურნალობა, ხოლო პერსონალი, რომელსაც ინფიცირებულებთან მჭიდრო კონტაქტი ჰქონდა, სამედიცინო შემოწმებას სახლში გადის, რათა ვირუსის გავრცელების უფრო დიდი რისკის იქნას თავიდან აცილებული.

იანის თქმით, ჩინეთში შექმნილია მეცნიერთა ჯგუფი, რომელიც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაზე მუშაობს. მან ქვეყანაში ბოლო მონაცემები გამოაქვეყნა, რომელთა თანახმად ჩინეთის სახმელეთო ნაწილში კორონავირუსის მსხვერპლთა რიცხვი 908-მდე გაიზარდა, დაავადებულია 40,1 ათასი ადამიანი, გამოჯანმრთელდა და გაეწერა 3281 ადამიანი. ბოლო 24 საათში გამოვლინდა დაინფიცირების 3062 ახალი შემთხვევა, კლინიკებიდან გაეწერა 632 ადამიანი, გარდაიცვალა 97, მძიმე მდგომარეობაში მყოფთა რაოდენობა 296 ადამიანით გაიზარდა.

ახალი ტიპის პნევმონიის აფეთქების გამო საქართველომ დროებით შეაჩერა ფრენები ჩინეთიდან. ჩინეთიდან აიკრძალა ცხოველების იმპორტი. აეროპორტებში და სასაზღვრო გამშვებ პუნქტებზე სპეციალისტები ყველა მგზავრს ამოწმებენ. ჯანდაცვის სამინისტრო მოსახლეობაში საინფორმაციო კამპანიას აწარმოებს.