ყოფილმა ჩინოვნიკებმა სასამართლოში დანაშაული აღიარეს

დანაშაული სამიდან ორმა ბრალდებულმა აღიარა, მიუხედავად ამისა, სამივე მათგანს 12 წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრება.
Sputnik

თბილისი, 10 თებერვალი — Sputnik. პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის პერიოდის შსს-ს ორი ჩინოვნიკი დავით ქოქიაშვილი და ილია გამგებელი, რომელთაც ბრალად ედებათ 2006 წელს სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება და განზრახ უკანონო დაკავება, თავს დამნაშავედ ცნობენ, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

პატარკაციშვილის საქმეზე კუდ-ის ყოფილი მაღალჩინოსნები დააკავეს

საქართველოს პროკურატურამ კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის (კუდ-ის) ყოფილი თანამშრომლები 2019 წლის ნოემბერში დააკავა. ბრალი ასევე წარდგენილი ჰქონდა დეპარტამენტის უფროსის ყოფილ მოადგილეს ლევან ქარდავასაც, რომელსაც ადრე ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადებაში ედებოდა ბრალი. ყველა მათგანს 9-დან 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

მოსამართლის კითხვაზე, წარდგენილ ბრალდებებთან დაკავშირებით თუ როგორია შსს-ს ყოფილი თანამშრომლების პოზიცია, ქოქიაშვილმა და გამგებელმა განაცხადეს, რომ დანაშაულს აღიარებენ. მესამე ბრალდებული ლევან ქარდავა სასამართლო სხდომას არ ესწრებოდა. მისი ადვოკატის განცხადებით, ქარდავა არ აღიარებს წარდგენილ ბრალდებას.

საქმე ეხება მილიარდერ ბადრი პატარკაციშვილის ურეკში მდებარე სახლზე თავდასხმის ორგანიზებას. პროკურატურის ცნობით, მიზანი პატარკაციშვილის, როგორც იმ პერიოდში ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის დაშინება და მისთვის პოლიტიკიდან წასვლის იძულება იყო.

ჩანაფიქრის სისრულეში მოყვანის მიზნით ქოქიაშვილი და გამგებელი ურეკის პოლიციის უფროსს ჯემალ შამათავას დაუკავშირდნენ და პატარკაციშვილის სახლიდან დაცვის მოხსნა დაავალეს. შამათავამ კი აღნიშნული ინფორმაცია ბიზნესმენს მიაწოდა.

როდესაც კუდ-ის ხელმძღვანელობამ ამის შესახებ გაიგო, შამათავაზე შურისძიება გადაწყვიტა – მის წინააღმდეგ საქმე შეთითხნეს და ცხრა წლით პატიმრობა მიუსაჯეს. შამათავა გამართლდა და საპატიმრო ხელისუფლების ცვლილების შემდეგ დატოვა.