არჩევნები 2020: ევროკავშირმა საქართველოსთვის რეკომენდაციები მოამზადა

ევროკომისიის თვალსაზრისით, საპარლამენტო არჩევნები დემოკრატიისადმი ერთგულების დადასტურების კუთხით გადამწყვეტი იქნება
Sputnik

თბილისი, 8 თებერვალი – Sputnik. საქართველომ უნდა გაითვალისწინოს ODIHR-ის რეკომენდაციები, რომლებიც მომავალ საპარლამენტო არჩევნებს ეხება, ნათქვამია ევროკომისიის მეოთხე ანგარიშში „საქართველოს მიერ ასოცირების პროცესის განხორციელების შესახებ“.

ყველა ერთის წინააღმდეგ: ქართული ოპოზიცია არჩევნებზე ერთიან კანდიდატებს წამოაყენებს >>

ანგარიშში აღნიშნულია საქართველოს პროგრესი სხვადასხვა სფეროში და მითითებულია, რომ 2020 წელი საქართველოსთვის მნიშვნელოვანი იქნება.

საპარლამენტო არჩევნები 2020: ოდირის დასკვნა როგორც უთანხმოების საბაბი და სათადარიგო გეგმა

„მნიშვნელოვანია, რომ მომავალი თვეების განმავლობაში საქართველომ გაანეიტრალოს მზარდი პოლიტიკური პოლარიზაცია და გამოხატოს მიმდინარე რეფორმების გატარების მზაობა, განსაკუთრებით საარჩევნო და სასამართლო რეფორმების სფეროებში“, - ნათქვამია ანგარიშში.

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები დაგეგმილია 2020 წლის შემოდგომაზე, მაგრამ ხელისუფლება და ოპოზიცია ჯერ კიდევ ვერ შეთანხმდნენ იმაზე, თუ რა სისტემით უნდა აირჩიონ დეპუტატები.

„საარჩევნო რეფორმის ამოცანა უნდა იყოს ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (ODIHR) 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ყველა რეკომენდაციის შესრულება. ამავე დროს, დიდი მნიშვნელობა ექნება საარჩევნო სისტემის თაობაზე გადაწყვეტილებას, რათა ის ყველა მხარისათვის მისაღები იყოს“, - ნათქვამია მოხსენებაში.

რა უნდა გაკეთდეს?

ODIHR-მა რეკომენდაცია მისცა საქართველოს ხელისუფლებას, გადახედოს ქვედა დონის საარჩევნო კომისიების დაკომპლექტების წესები, უფრო დაბალანსებული პოლიტიკური წარმომადგენლობის უზრუნველსაყოფად, ასევე, თითოეულ დონეზე საარჩევნო კომისიების წევრთა რაოდენობა ფაქტობრივი საჭიროებების შესაბამისად განისაზღვროს.

არჩევნები 2020: რისი იმედი აქვს „ქართულ ოცნებას“

აგრეთვე, მმართველ პარტიას „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ ურჩიეს დაჩქარებული წესით აღმოფხვრას დარღვევები, რომლებიც წინასაარჩევნო კამპანიის დაფინანსებას უკავშირდება, გადახედოს საარჩევნო დავების მოგვარების იურიდიული ჩარჩოები, უზრუნველყოს ამომრჩეველთა ნების თავისუფალი გამოხატვა, რათა მათ არ ჰქონდეთ შურისძიების შიში და კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ყველა გადაწყვეტილება და იურიდიული დასკვნა საჯარო გახადოს.

დღეისათვის, საქართველოს საარჩევნო კოდექსში ცვლილებები ODIHR-ის რეკომენდაციების მიხედვით მზად არ არის, ხოლო ოპოზიციამ და ხელისუფლებამ საარჩევნო სისტემაზე კონსენსუსს ჯერ კიდევ ვერ მიაღწიეს.

ევროკომისიის კიდევ ერთი რეკომენდაციაა ისეთი გარემოს არსებობა, რომელიც არჩევნების წინ თავისუფალი და მრავალფეროვანი მედიაგარემოს შეუწყობს ხელს, რაც, მისი აზრით, კიდევ ერთი გადამწყვეტი ფაქტორი იქნება დემოკრატიის დასადასტურებლად.