საპარლამენტო არჩევნები 2020: ოდირის დასკვნა როგორც უთანხმოების საბაბი და სათადარიგო გეგმა

ეუთო/ოდირს არ აუღია თავის თავზე პასუხისმგებლობა – იმსჯელოს საარჩევნო სისტემის ოპოზიციის მიერ შეთავაზებული ცვლილებების კონსტიტუციურობაზე, რადგან მიაჩნია, რომ ეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრეროგატივაა.
Sputnik

ოპოზიციის მიერ შეთავაზებული საარჩევნო სისტემის შესახებ ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (OSCE/ODIHR) დასკვნამ ოპოზიციასა და მმართველ პარტია „ქართული პარტია - დემოკრატიული საქართველოს“ შორის უთანხმოების მორიგი ტალღა გამოიწვია.

საქართველოს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ გასული წლის დეკემბერში ODIHR-ს გადაუგზავნა ოპოზიციის მიერ შეთავაზებული პროექტი, რომელიც საარჩევნო სისტემის შეცვლას ეხება.

არჩევნები 2020: რისი იმედი აქვს „ქართულ ოცნებას“ >>

მოქმედი კონსტიტუციით, 2020 წელს 77 სადეპუტატო მანდატი განაწილდება პარტიებს შორის, ხოლო 73 – კონკრეტულ კანდიდატებს შორის, რომლებიც ერთმანდატიან ოლქებში ხმების უმრავლესობას მოიპოვებენ.

ოპოზიციის ინიციატივა გულისხმობს იმას, რომ ძალაში დარჩეს პრინციპი 77/73, მაგრამ პარლამენტში ადგილები პარტიების მიერ მიღებული ხმების პროპორციულად განაწილდეს. ეს ე.წ. „გერმანული მოდელია“.

რა წერია ODIHR-ის დასკვნაში

ODIHR-ის დასკვნაში წერია, რომ წარმოდგენილი ცვლილებების კონსტიტუციასთან შესაბამისობა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა დაადგინოს.

„საარჩევნო სისტემის არჩევა არის სახელმწიფოს სუვერენული გადაწყვეტილება, თუ არჩეული საარჩევნო სისტემა შეესაბამება საერთაშორისო ვალდებულებებით გათვალისწინებულ სახელმწიფოს ვალდებულებებს. საერთაშორისო სტანდარტები არ ითვალისწინებს საარჩევნო სისტემების არჩევანს“, – ნათქვამია „ოდირის“ განცხადებაში.

აქვე აღნიშნულია, რომ საარჩევნო სისტემის მოდელის არჩევანი უნდა გახდეს ფართო დისკუსიის საგანი, რაც დაინტერესებულ მხარეებს საშუალებას მისცემს, გამოავლინონ რეფორმის პოზიტიური და უარყოფითი შედეგები. ნებისმიერი შემოთავაზებული ცვლილება საგულდაგულოდ უნდა იქნას განხილული, მათ შორის, მათ მიერ პოლიტიკურ პარტიებს შორის დიდი კონსენსუსის მიღებით.

„ოდირმა“ ხაზი გაუსვა, რომ პროექტი ითვალისწინებს საარჩევნო კანონის ფუნდამენტური ელემენტების ცვლილებებს, მათ შორის, საარჩევნო სისტემის. თუმცა შეთავაზებული შესწორებები არ ცვლის საყოველთაო, თავისუფალი, ფარული და პირდაპირი ხმის მიცემის პრინციპებს და არჩევნების პერიოდულობას.

„საერთაშორისო პრაქტიკის რეკომენდაციით, საარჩევნო კანონმდებლობის საკვანძო ასპექტები არ უნდა ექვემდებარებოდეს ცვლილებას, როდესაც არჩევნებამდე ერთ წელზე ნაკლებია დარჩენილი“, – ნათქვამია დოკუმენტში.

საერთაშორისო სტანდარტებისა და მოწინავე პრაქტიკის გათვალისწინებით, „ოდირმა“ გასცა რამდენიმე კონკრეტული რეკომენდაცია ოპოზიციის შესწორებებზე, რომლებიც კანონპროექტის დეტალებს ეხება.

ქართული რეალობა

დღეს არსებული სისტემა მიუღებელია ოპოზიციისთვის, რომელიც თვლის, რომ „ქართული ოცნება" თავისი გავლენის გამოყენებით ყველა მაჟორიტარულ ხმას მიიღებს და საზოგადოების მხრიდან დაბალი მხარდაჭერის მიუხედავად (ოპოზიციის ჯამურ რაოდენობასთან შედარებით) პარლამენტში უმრავლესობას მოიპოვებს.

კომპრომისის სახით მმართველმა პარტიამ ოპოზიციას მაჟორიტარების რაოდენობის 50-მდე შემცირება შესთავაზა, თუმცა ოპოზიცია, რომელსაც ამ საკითხში გადამწყვეტი როლი აქვს, რადგან „ქართულ ოცნებას" კონსტიტუციის შესაცვლელად ხმები არ ჰყოფნის, დათმობებზე წასვლას არ აპირებს.

ყველა ერთის წინააღმდეგ: ქართული ოპოზიცია არჩევნებზე ერთიან კანდიდატებს წამოაყენებს

ამ მომენტისთვის, როდესაც არჩევნებამდე 9 თვეზე ნაკლები რჩება, მხარეებმა კომპრომისს ჯერ კიდევ ვერ მიაღწიეს. ამასთან, კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის პროცესი საკმაოდ ხანგრძლივია და ორ სესიაზე კენჭისყრის ჩატარებას და საჯარო განხილვას მოითხოვს. თუ ცვლილებები არ შევა კონსტიტუციაში, არჩევნები მოქმედი შერეული სისტემით გაიმართება.

ხელისუფლება კმაყოფილია

მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ „ოდირის“ დასკვნით კმაყოფილი დარჩა და მიიჩნევს, რომ ახლა ოპოზიცია დათმობაზე წავა და მათ წინადადებას მიიღებს.

„ოპოზიციამ უნდა გამოიტანოს ძალიან მარტივი დასკვნა – რომ თანაბრად ლეგიტიმურია არა მხოლოდ ჩვენ მიერ შეთავაზებული „100/50“ სისტემა, არამედ თუნდაც დღეს მოქმედი სისტემა, ანუ „77/73“. შესაბამისად, რაც უფრო სწრაფად დათანხმდება ოპოზიცია ჩვენს შეთავაზებას 100/50-თან დაკავშირებით, მით უკეთესი იქნება მათთვის, წინააღმდეგ შემთხვევაში არჩევნები ჩატარდება 77/73 პრინციპით, რომელიც „ოდირის“ დასკვნით არის სრულ შესაბამისობაში სამართლებრივ პრინციპებთან“, – განაცხადა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ.

დაუწესებს თუ არა აშშ სანქციებს საქართველოს – ფინანსთა მინისტრის კომენტარი

მმართველი გუნდის სხვა ლიდერი, პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი დასკვნის შეფასებისას უფრო ხისტი იყო.

„უნიათო ოპოზიციურ ჯგუფებთან გვაქვს საქმე, რომლებმაც ტყუილის სწორად გაყიდვაც ვერ ისწავლეს. იმდენად უნიათოები არიან, რომ ტყუილსაც ვეღარ ამბობენ და ყოველ წუთში ცვლიან“, – განაცხადა ოხანაშვილმა.

ანგარიშით კმაყოფილია საპარლამენტო უმრავლესობის კიდევ ერთი ლიდერი მამუკა მდინარაძე.

„ოპოზიცია ნოკაუტშია ჩაგდებული იქიდან გამომდინარე, რომ ისინი თავიანთი განცხადებებით ადასტურებენ იმას, რომ წარმოუდგენელი დარტყმა მიიღეს. რამდენიმე თვის განმავლობაში პროექტის კონსტიტუციურობაზე ლაპარაკობდნენ და ამას იტყვის ეუთო/ოდირიო, თურმე, ეს სადავო საერთოდ არ ყოფილა“, – განაცხადა მდინარაძემ.

ოპოზიციის სათადარიგო გეგმა

მეორე მხრივ, ეუთო/ოდირის დასკვნას ნეგატიურად ოპოზიციაშიც არ აფასებენ და ხელისუფლების წინადადებაზე დათანხმებას არ აპირებენ.

„მე მათ ვურჩევ – კარგად წაიკითხეთ, გონს მოეგეთ. კანონი პარლამენტშია, ჩვენ მზად ვართ, ყველა ეს რეკომენდაცია გავითვალისწინოთ, დავარეგისტრიროთ ეს ყველაფერი და დავიწყოთ ნორმალური პროცესი, საარჩევნო კამპანია. მათ წინადადებას არ დავთანხმდებით არც ერთ შემთხვევაში, ჩვენ ადგილებით არ ვვაჭრობთ, ჩვენ გვინდა სისტემურად ახალი მოდელი დაინერგოს, რომელიც ახალი განვითარების ტალღას მისცემს ქვეყანას“, – განაცხადა პარტია „ახალი საქართველოს“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ.

გარდა ამისა, ოპოზიციურმა პარტიებმა დაადასტურეს, რომ იმ შემთხვევაში, თუ არჩევნები მოქმედი კონსტიტუციით გაიმართება, ისინი თითოეულ ოლქში ერთიან კანდიდატზე შეთანხმდებიან.

„ამ შემთხვევაში მთელი ოპოზიცია შეთანხმდება ერთ კანდიდატზე და 73 მაჟორიტარული ოლქიდან 70-ს წააგებს ივანიშვილი პირველივე ტურში. არ იქნება არანაირი მეორე ტურები. ვიქნებით მთლიანად ოპოზიციური სპექტრი გაერთიანებული, რათა ეს მართლაც რაღაც ჭირი მოვაშოროთ ქვეყანას. სქემა არის მარტივი – ოპოზიციური პარტიები გავალთ არჩევნებზე, მაგრამ ყველა, 73-ვე მაჟორიტარულ ოლქში შევთანხმდებით ერთ კანდიდატზე“, – განაცხადა „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ოთარ კახიძემ.

ამასობაში კი ოპოზიცია და ხელისუფლება საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებული მოლაპარაკებების მორიგი ტურისთვის ემზადებიან. მათ ასევე უნდა შეათანხმონ სხვა საკითხები, რომლებიც მიმდინარე წლის შემოდგომაზე გასამართი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას ეხება.