თბილისი, 7 თებერვალი — Sputnik. სამხედრო პოლიციამ დააკავა სამხედრო პირი, რომელიც უწყისებში ყალბი მონაცემების შეტანის გზით ითვისებდა თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი სამხედრო ფეხსაცმელებსა და ფორმებს და ყიდდა მათ, იუწყება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური.
გავრცელებული ინფორმაციით, აღნიშნული ქმედების შედეგად სამინისტროს 9882 ლარის მატერიალური ზიანი მიადგა.
„სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების შედეგად, გამოძიებამ თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი სანივთე ქონება სხვადასხვა ლოკაციიდან ამოიღო, მათ შორის თბილისში მდებარე ე.წ. „ნავთლუღის ბაზრის“ სავაჭრო ობიექტებიდან“, — ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.
დაკავებულ პ.გ.-ს, რომელიც საწყობში ქონების მოვლა-შენახვასა სწორ აღრიცხვა-გაცემაზე იყო პასუხისმგებელი, ბრალდება საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით და 341-ე მუხლით წარედგინა. ბრალდებულს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.