თბილისი, 7 თებერვალი — Sputnik. საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრები შაბათს, 8 თებერვალს რომში მიემგზავრება ევროპის ჩემპიონატში მონამწილეობის მისაღებად, იუწყება საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია.
იტალიის დედაქალაქი 2020 წლის ჩემპიონატს 10-16 თებერვალს უმასპინძლებს. გავრცელებული ინფორმაციით, შეჯიბრების პირველი სამი დღე ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეებს დაეთმობა.
ამასთან, ფედერაცია აქვეყნებს საქართველოს ნაკრების წევრთა ჩამონათვალს, რომელთა შორის არიან მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონები ნუგზარ წურწუმია (55 კგ) და ლაშა გობაძე (82 კგ).
მათ გარდა საქართველოს სახელით რომში ბერძნულ–რომაული სტილით იჭიდავებენ: ამირან შავაძე, ლევან ქავჟარაძე, გიორგი შოთაძე, იური ლომაძე, დემურ ქავთარაძე, თორნიკე ძამაშვილი, რევაზ ნადარეიშვილი და ლევან არაბული.
აღსანიშნავია, რომ ამირან შავაძე და გიორგი შოთაძე მსგავსი დონის ტურნირზე პირველად იჭიდავებენ.