უცნაური სიზმარი, შავ-თეთრი ფერების ფილოსოფია, ანუ Zostaliśmy stworzeni z pyłu...

ელენ მარკევიჩი წარმოშობით პოლონელია, მესამე თაობის თბილისელი. კარგად ხანია, რაც ხატავს და ეს საქმე მისთვის არავის უსწავლებია. იყო დრო, როცა ხატვას ვეღარ ახერხებდა და ის დრო ყველაზე ცუდად ახსენდება. თუმცა ერთმა უცნაურმა შემთხვევამ ისევ „აიძულა“, რომ მოლბერტთან მისულიყო.
Sputnik

მას შემდეგ ხატავს მხოლოდ შავ-თეთრი ფერებით, რადგან, მისი სიტყვებით, სათქმელს ასე უფრო კარგად გადმოსცემს. ამასთან ერთად, სამკაულების დამზადებითაც არის დაკავებული. მის დამკვეთებს შორის უცხოელებიც არიან.

უცნაური სიზმარი, შავ-თეთრი ფერების ფილოსოფია, ანუ Zostaliśmy stworzeni z pyłu...

- ქალბატონო ელენა, როგორ მოგვიყვებით თქვენს ამბავს მოკლედ?

- საკუთარ თავზე იმას მოგწერთ, რომ ცოტა დაბნეული ადამიანი ვარ. ამ ეტაპზე ორი შვილი მყავს და დიასახლისი ვარ. მეუღლე სამხედრო პირია. ხატვა ბავშვობიდან მიყვარდა, თუმცა ამ განხრით არსად მისწავლია. დედა ამის სასტიკი წინააღმდეგი იყო, რადგან თვლიდა, რომ ეს პროფესია ცხოვრებაში არ გამომადგებოდა. მე, რა თქმა უნდა, დავემორჩილე მას და ხატვას თავი დავანებე. მაშინ ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს გულში რაღაც ჩამწყდა. პუშკინის უნივერსიტეტში პედაგოგიურ ფაკულტეტზე ვსწავლობდი, მაგრამ სწავლა ბოლომდე ვერ დავამთავრე და აკადემიური ავიღე. მერე სამსახურში გავედი, რადგან დედას, რომელიც ავად გახდა, მოვლა სჭირდებოდა. სამი წელი ძალიან ავადმყოფობდა. მისი ტანჯვის შემყურე ჯოჯოხეთი გამოვიარე. აპრილში ორი წელი შესრულდება, რაც გარდაიცვალა. ამის მერე საშინელი დეპრესია მქონდა. მერე ხატვას მივუბრუნდი და ნელ-ნელა გამოვცოცხლდი...

უცნაური სიზმარი, შავ-თეთრი ფერების ფილოსოფია, ანუ Zostaliśmy stworzeni z pyłu...

- ვიცი, რომ ხატვის დაწყებას უცნაური მიზეზი უძღოდა...

- დედის გარდაცვალებიდან ერთ თვეში ის დამესიზმრა. სიზმარი ისეთი რეალური იყო, თითქოს ყველაფერი ცხადში მოხდა. სიზმარში დედა განიცდიდა, რომ ხელი ვერ შემიწყო და მთხოვდა – ხატვა დამეწყო. იმ სიზმარმა შოკში ჩამაგდო და ხატვა მეორე დღესვე დავიწყე. ჩემს პირველ ნახატზე ზღვასთან მდგარი გოგონა იყო გამოსახული. ამის მერე ხატვას აქტიურად მივუბრუნდი. თანდათან სულიერი სიმშვიდე და თავშესაფარი მოვიპოვე. მე ვფიქრობ, რომ ხელოვნება ბოთლში გამომწყვდეული ჯინივითაა, არ მოგასვენებს, სანამ არ გაათავისუფლებ. ხატვის დროს შავ-თეთრი ფერები მიზიდავს, ასე უფრო კარგად გადმოვცემ იმას, რასაც განვიცდი. მეგობრები ამის გამო სულ მეჩხუბებიან. ამის გამო ძალიან სევდიანი ნახატები გაქვს და დეპრესიული ხარო.

უცნაური სიზმარი, შავ-თეთრი ფერების ფილოსოფია, ანუ Zostaliśmy stworzeni z pyłu...

- სინამდვილეში, პირიქით, ცნობილია, რომ დეპრესიული ადამიანები ხატვის დროს კაშკაშა ფერებს იყენებენ ხოლმე...

- დიახ, ასეა... დღეს ჩემი სიამოვნებისთვის ვხატავ. ახლა დიდ ტილოზე ბალერინას ვხატავ, რადგან ჩემი პატარა გოგო ბალეტზე დადის და ვიფიქრე, იქნებ ამით უფრო მეტი სტიმული გაუჩნდეს–მეთქი. როცა საშუალება და დრო მექნება, ძალიან მინდა, რომ სამხატვრო აკადემიაში ჩავაბარო. თუმცა ეს ალბათ ოცნებად დარჩება.

უცნაური სიზმარი, შავ-თეთრი ფერების ფილოსოფია, ანუ Zostaliśmy stworzeni z pyłu...

- ხატვის პარალელურად სამკაულებს ამზადებთ...

- მიყვარს ლამაზი სამკაულების გაკეთება. მათ დასამზადებლად ვიყენებ სუტაჟს, რომელიც ხელოვნური მასალისგან დამზადებული სხვადასხვა ფერის თასმაა. ის გამოიყენება როგორც ტანსაცმლის მოსაქარგად, ასევე სამკაულების დასამზადებლად. ნაკეთობებისთვის ვიყენებ სხვადასხვა მასალას, ზოგჯერ ნახევრადძვირფას ქვებს, მაგალითად, აქატს და მთის ბროლს.

უცნაური სიზმარი, შავ-თეთრი ფერების ფილოსოფია, ანუ Zostaliśmy stworzeni z pyłu...

- ვინ გიკვეთავთ სამკაულებს?

- როცა ჩემი ნამუშევრები შტუტგარტში გავგზავნე ახლობლებთან, იქიდან შემომითვალეს, გერმანელებმა ნახეს შენი ნამუშევრები და ძალიან მოეწონათო. ასე რომ, დღეს ძირითადად იქიდან მიკვეთავენ, თუმცა საქართველოშიც ვყიდი. ჩემი ხელნაკეთი ნივთების საიტიც მაქვს. რადგან ქართველების მოთხოვნაა, ძირითადად საყურეებს ვაკეთებ. გერმანიაში ყელსაბამებს ითხოვენ. ახლა რუსეთიდან შემიკვეთეს – პატარძლისთვის საქორწილო დიადემა უნდა გავაკეთო. თითო სამკაულის დამზადებას სხვადასხვა დრო სჭირდება. საყურეს, მაგალითად, შვიდი საათი დასჭირდა. ჩემი გრაფიკით ორი დღე მაინც მჭირდება მათ დასამზადებლად.

უცნაური სიზმარი, შავ-თეთრი ფერების ფილოსოფია, ანუ Zostaliśmy stworzeni z pyłu...

- საქართველოსთვის იშვიათი გვარი გაქვთ, თბილისში როდიდან ცხოვრობენ თქვენი წინაპრები?

- მარკევიჩი ძალიან იშვიათი და უძველესი გვარია. წარმოშობით პოლონელი ვარ. სამწუხაროდ, არანაირი ინფორმაცია არ მაქვს იმის თაობაზე, პოლონეთში მყავს თუ არა ნათესავები. რამდენადაც ვიცი, პაპას იქ არავინ ჰყავდა, ყველა დაეღუპა. მე თვითონ თბილისში დავიბადე და გაიზარდე. პირველად საქართველოში თურმე ჩემი დიდი პაპა ჩამოსახლდა. მას ძალიან მოეწონა ეს დალოცვილი მხარე და აქ დასახლებულა, ოჯახიც აქ შეუქმნია. ცოტა პოლონური ბავშვობაში ვისწავლე, სანამ მამა ცოცხალი იყო.

უცნაური სიზმარი, შავ-თეთრი ფერების ფილოსოფია, ანუ Zostaliśmy stworzeni z pyłu...

- ერთ ნახატზე პოლონურად გიწერიათ Zostaliśmy stworzeni z pyłu. ქართულად რას ნიშნავს ეს?

- ქართულად ეს ნიშნავს “ჩვენ მტვერი ვართ“, ანუ ვგულისხმობ იმას, რომ ყველანი მტვრისგან ვართ შექმნილი და ისევ მტვერში ვბრუნდებით, ანუ მტვრად ვიქცევით. სტატუსისა და მდგომარეობის მიუხედავად სიკვდილის წინაშე ყველანი თანასწორი ვართ...

უცნაური სიზმარი, შავ-თეთრი ფერების ფილოსოფია, ანუ Zostaliśmy stworzeni z pyłu...

- საერთოდ ნახატებზე თემატური ფრაზების მიწერა გიყვართ?

- ზოგიერთ აზრს, რომელიც მომწონს და რომელსაც ვეთანხმები, ვიმახსოვრებ და მერე ნახატს ვასათაურებ. რადგან ყველა ნახატს თავისი დატვირთვა და ემოცია აქვს. ერთ მათგანზე მიწერია: „არ ელოდო, რომ უკეთესად გახდები - არ გახდები. სირთულეები ყოველთვის იქნება. ისწავლე იყო ბედნიერი ამ წამს. სხვაგვარად ვერ მოასწრებ“. მე თუ მკითხავთ, მე ვისწავლე როგორ ვიყო „ამ წამს“ ბედნიერი...

უცნაური სიზმარი, შავ-თეთრი ფერების ფილოსოფია, ანუ Zostaliśmy stworzeni z pyłu...

- ქალის ყველაზე დიდ სამკაულად რა მიგაჩნიათ?

- თუ ადამიანს მდიდარი შინაგანი სამყარო არ აქვს, მას ვერანაირი სამკაული ვერ გაალამაზებს. ჩემი აზრით, ქალის ყველაზე დიდი სამკაული ისეთი თვისებაა, როგორიც ერთგულებაა...