მთავრობა ადამიანის უფლებების დაცვის ახალ სტრატეგიაზე იწყებს მუშაობას

პრემიერის განცხადებით, რეფორმების გატარების პროცესში საერთაშორისო პარტნიორებთან და დონორებთან თანამშრომლობა მნიშვნელოვანია.
Sputnik

თბილისი, 6 თებერვალი — Sputnik. საქართველოს მთავრობა ადამიანის უფლებების დაცვის გრძელვადიანი სტრატეგიის ახალ ეტაპზე იწყებს მუშაობას, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე.

მთავრობა პარტნიორ ქვეყნებთან და დონორებთან ერთად მნიშვნელოვან პროგრამებს ახორციელებს

როგორც გახარიამ აღნიშნა, ადამიანის უფლებები ყოველთვის იყო მთავრობის ყურადღების ცენტრში. ადამიანის უფლებების დაცვის გრძელვადიან სტრატეგიაზე მუშაობა 2013 წელს მაშინდელი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის დავალებით დაიწყო, რომელიც სრულად განხორციელდა.

„წელს ჩვენ ვიწყებთ ადამიანის უფლებების გრძელვადიან სტრატეგიაზე, ახალ ეტაზე მუშაობას, რომელიც ასევე იქნება უაღრესად მნიშვნელოვანი და რომლის შექმნის პროცესში ჩვენ გამოვიყენებთ ყველა შესაძლებელ პლატფორმას როგორც ქვეყნის გარეთ – საერთაშორისოს, ასევე ქვეყნის შიგნით. ეს საერთო მუშაობის ძალზე მნიშვნელოვანი ფორმატია და მოგიწოდებთ, თითოეულმა თქვენგანმა, თქვენი კომპეტენციის ფარგლებში, მიიღოთ აქტიური მონაწილეობა", – განაცხადა გიორგი გახარიამ.

გახარიამ ყურადღება გაამახვილა ასევე დონორთა ფორუმზე, რომელიც თბილისში გასულ კვირაში გაიმართა. მისი სიტყვებით, საერთაშორისო პარტნიორებთან, განსაკუთრებით, რეფორმების გატარების პროცესში თანამშრომლობა მთავრობისთვის ძალზე მნიშვნელოვანია.

"ჩვენი მთავრობის ძირითადი პრიორიტეტებია სწრაფი ეკონომიკური ზრდა, სამუშაო ადგილები, განათლების რეფორმა, ასევე, რა თქმა უნდა, უსაფრთხოების სფერო და ღია მმართველობა. ეს ყველა ის მიმართულებაა, რომელიც იყო დეტალურად განხილული და მივიღეთ სრული მხარდაჭერა ჩვენი პარტნიორების მხრიდან ამ სფეროებში გასატარებელი რეფორმების თვალსაზრისით", – აღნიშნა გიორგი გახარიამ.

დონორთა ყოველწლიური საკოორდინაციო ფორუმი წარმოადგენს საგარეო დახმარების ეფექტიანობის გაუმჯობესების შესახებ პარიზის დეკლარაციის პრინციპების განხორციელების ერთ-ერთ მექანიზმს, რომელსაც საქართველო 2011 წელს შეუერთდა. დეკლარაცია განსაზღვრავს თანამშრომლობის პრინციპებს დახმარების მიმღებ ქვეყნებსა და დონორ ქვეყნებსა და ორგანიზაციებს შორის, რაც ითვალისწინებს ორმხრივ ანგარიშვალდებულებას, მჭიდრო კოორდინაციას პარტნიორებთან და ინფორმაციის რეგულარულ გაზიარებას.

ფორუმი ყოველწლიურად იმართება და მას ორგანიზებას უწევს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია. ფორუმს საქართველოს მთავრობის წევრები, საქართველოში აკრედიტებული ელჩები და დონორი ორგანიზაციების ხელმძღვანელები ესწრებოდნენ.