მსოფლიო დღეს

ქართული საჩუქარი იაპონიის თავდაცვის მინისტრს: ტარო კონო ფოტოს აქვეყნებს

იაპონელი მინისტრისთვის საქართველოდან გაგზავნილი ღვინის ბოთლი ტიხრული მინანქრითაა მოპირკეთებული და მასზე ჩოხაში ჩაცმული მინისტრია გამოსახული
Sputnik

თბილისი, 5 თებერვალი — Sputnik. იაპონიის თავდაცვის მინისტრმა ტარო კონომ, რომელსაც მანამდე საგარეო საქმეთა მინისტრის სავარძელი ეკავა, Twitter-ის აკაუნტზე საქართველოდან საჩუქრად გაგზავნილი ღვინის ბოთლის ფოტო გამოაქვეყნა. 

ბოთლი მინანქრითაა მოჭიქული და მასზე ქართულ ჩოხაში გამოწყობილი კონოა გამოსახული.

​„საქართველოდან დაბადების დღისთვის საჩუქარი მივიღე. უძველესი ქართული ტექნოლოგიით დამზადებული ქვევრის ღვინო, რომლის ბოთლიც მოპირკეთებულია ტიხრული მინანქრით. ბოთლზე გამოსახული ვარ მე — ქართულ ეროვნულ ჩოხაში“, — დაწერა მინისტრმა.

აღსანიშნავია, რომ იაპონიაში ქართული ღვინო დიდი პოპულარობით სარგებლობს. ტოკიოში საქართველოს საელჩოს ხელშეწყობით, რეგულარულად ტარდება ქართული ღვინისადმი მიძღვნილი სხვადასხვა ღონისძიებები — სემინარები, გამოფენები და დეგუსტაციები.

ტარო კონო იცნობს ქართულ ტრადიციებს. 2018 წლის სექტემბერში ის თბილისს ოფიციალური ვიზიტით ეწვია საგარეო საქმეთა მინისტრის რანგში.