თბილისი, 5 თებერვალი — Sputnik. ინდონეზიის კუნძულ ბალიზე ღორის აფრიკული ჭირის ვირუსმა იფეთქა. აღნიშნულ ინფორმაციას ოფიციალურად ადასტურებს ინდონეზიის ხელისუფლება, იუწყება გაზეთი Jakarta Post.
გამოცემის ინფორმაციით, ბოლო ორი თვის განმავლობაში კუნძულ ბალიზე 888 ღორის სიკვდილია დაფიქსირებული. აქედან 600 შემთხვევა ბადუნგის ოლქზე მოდის.
ოფიციალური პირების განცხადებით, ღორის აფრიკული ჭირის არსებობა ლაბორატორიული ტესტებით დადასტურდა.
სოფლის მეურნეობისა და კვების პროდუქტების უსაფრთხოების ადგილობრივი სამმართველოს ხელმძღვანელმა ვირუსის გავრცელებაში ის ფერმერები დაადანაშაულა, რომლებიც პირუტყვს გაფუჭებული ნარჩენებით კვებავდნენ.
კუნძულ ბალის ხელისუფლება ირწმუნება, რომ დაავადების შეჩერება შეძლეს, ვინაიდან ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ღორების სიკვდილი აღარ დაფიქსირებულა. მათი აზრით, შექმნილი მდგომარეობა ტურიზმზე ზეგავლენას არ მოახდენს.
ღორის აფრიკული ჭირი პირველად 1903 წელს დაფიქსირდა სამხრეთ აფრიკაში. ეს არის შინაური და გარეული ღორების ვირუსული დაავადება, რომელიც არ არის საშიში არც ადამიანისთვის და არც სხვა სახეობის ცხოველებისთვის.
ინფექციის კერის გაჩენის შემთხვევაში ღორებში ლეტალური შედეგი თითქმის 100%-იანია 20 კილომეტრის რადიუსში.
დაავადების გავრცელების შეჩერება მხოლოდ სასტიკი საკარანტინო ზომებითაა შესაძლებელი.