უბედური შემთხვევა სტეფანწმინდაში: როგორია ზვავის ჩამოწოლის შედეგად დაშავებულთა მდგომარეობა

ერთ-ერთი დაშავებული საქართველოს მოქალაქეა, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა და იგი ამ დროისთვის თბილისშია გადმოყვანილი.
Sputnik

თბილისი, 5 თებერვალი — Sputnik. მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზაზე ზვავის ჩამოწოლის შედეგად ერთ-ერთი დაშავებული გვიან ღამით გუდაურის გადაუდებელი დახმარების ცენტრიდან თბილისში გადმოიყვანეს იუწყება ტელეკომპანია Rustavi 2.

სტეფანწმინდაში ზვავის ჩამოწოლის შედეგად რუსეთის მოქალაქე დაიღუპა

ექიმების თქმით, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, მას ქვედა კიდურების დაზიანებები აღენიშნება.

მეორე დაშავებული, რომელიც ხევში გადავარდნილ ავტომობილში იმყოფებოდა, სტეფანწმინდის კლინიკაში გადაიყვანეს და შესაბამისი გამოკვლევები ჩაუტარდა. 23 წლის გოგონას ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

გუშინ, საღამოს მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილი გზაზე ჩამოწოლილი ზვავის გამო ავტომობილი, რომელშიც რუსეთის, საქართველოს და სომხეთის მოქალაქეები იმყოფებოდნენ, ხევში გადავარდა. დაიღუპა რუსეთის მოქალაქე.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, რუსეთის მოქალაქე შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. მაშველებმა ავტომობილიდან ამოიყვანეს ორი ადამიანი, რომელთაგან ერთს, საქართველოს მოქალაქეს აღენიშნება ფეხის მოტეხილობა, ხოლო სომხეთის მოქალაქეს სხეულის მცირე დაზიანებები.

მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის ტრასა რუსეთისკენ მიმავალი ერთადერთი საავტომობილო გზაა. ამჟამად ამ გზის კობი–გუდაურის მონაკვეთი ტრაილერებისთვის დაკეტილია.