ლევან აკინის სკანდალურ ფილმს „და ჩვენ ვიცეკვეთ“ აშშ-ის კინოთეატრებში აჩვენებენ

თბილისში ფილმის პრემიერა, რომელმაც არაერთი საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა, გასულ წელს აქციების ფონზე გაიმართა.
Sputnik

თბილისი, 5 თებერვალი — Sputnik. ქართული წარმოშობის რეჟისორის ლევან აკინის მიერ არატრადიციულ სიყვარულზე გადაღებულ ფილმს „და ჩვენ ვიცეკვეთ“, ამერიკის კინოთეატრებში 7 თებერვლიდან უჩვენებენ.

ამჯერად სრულმეტრაჟიან ფილმს, რომელსაც უკვე კარგად იცნობენ შვედეთსა და საქართველოში, ამერიკელი მაყურებელიც გაიცნობს. ბმულის მიხედვით შესაძლებელია იმ ქალაქების ჩამონათვალის ნახვა, სადაც ჩვენებები გაიმართება.

„და ჩვენ ვიცეკვეთ“ არის ფილმი, რომელმაც პრესტიჟულ კინოფესტივალებზე მრავალი ჯილდო მოიპოვა. ერთ-ერთი ბოლო ხმაურიანი აღიარება შვედეთში გამართულ კინოფესტივალზე The Guldbagge Awards სამ მთავარ ნომინაციაში გამარჯვებაა. ფილმმა მიიღო პრიზი „წლის საუკეთესო ფილმი“. მთავარი როლის შემსრულებელი ლევან გელბახიანი „საუკეთესო მსახიობის“ ტუტულით დაჯილდოვდა, ხოლო ლევან აკინმა მიიღო პრიზი „საუკეთესო სცენარისთვის“. 

„და ჩვენ ვიცეკვეთ“ შვედეთის კინოფესტივალზე წლის საუკეთესო ფილმად დასახელდა

აღსანიშნავია ლევან გელბახიანის წარმატება, რომელიც Europian Film Promotion-ის ვერსიით ათი საუკეთესო, ამომავალი და ყველაზე პერსპექტიული ვარსკვლავების სიაში მოხვდა.

2019 წელს ლევან გელბახიანმა აღნიშნულ ფილმში შესრულებული როლისთვის არაერთი ჯილდო მიიღო.

ფილმი მოგვითხრობს ახალგაზრდა მოცეკვავე მერაბის შესახებ, რომელიც რადიკალურად იცვლება მას შემდეგ, რაც თავისი ამბიციური მეტოქე ირაკლი შეუყვარდება.  

ლევან აკინის ფილმის პრემიერა საქართველოში 2019 წლის 8 ნოემბერს გაიმართა, რასაც წინააღმდეგობა შეხვდა ქართული ნაციონალისტური ჯგუფებისგან. ჩვენების საწინააღმდეგო დემონსტრაციებზე 30-მდე ადამიანი დააკავეს.