თბილისი, 4 თებერვალი — Sputnik. თურქეთის პოლიციამ საქართველოს მოქალაქე გურამ ჩიხლაძე („გურამ კუტაისკი") აზერბაიჯანელ კრიმინალურ ავტორიტეტ ნადირ სალიფოვზე თავდასხმის მომზადების ბრალდებით დააკავა, იუწყება „Sputnik-აზერბაიჯანი".
დაკავების ოპერაცია სტამბულში ჩატარდა. სამართალდამცავმა ორგანოებმა თავდასხმის მომზადებაში ეჭვმიტანილი 17 პირი განაიარაღა. დაკავებულთაგან ცხრა ადამიანი აზერბაიჯანის მოქალაქეა, ხუთი საქართველოს, ორი უკრაინის და ერთი რუსეთის.
თურქეთის სამართალდამცავმა ორგანოებმა სტამბულში მომხდარ სხვა დანაშაულებთან აღნიშნული დაჯგუფების კავშირი დაადგინა.
პოლიციელებმა დაკავებულთა პირადი ჩხრეკისას 11 ერთეული ცეცხლსასროლი იარაღი და 220-ზე მეტი ვაზნა ამოიღეს.