COVID-19 - ბოლო ცნობები

ჩინეთის ელჩმა საქართველოს საგარეო უწყებას ეპიდსიტუაციის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ვითარების გაუმჯობესების მიზნით ჩინეთი აქტიურად თანამშრომლობს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასთან.
Sputnik

თბილისი, 4 თებერვალი — Sputnik. საქართველოში ჩინეთის ელჩმა ლი იენმა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს ალექსანდრე ხვთისიაშვილს კორონავირუსთან დაკავშირებით არსებულ მდგომარეობაზე და ჩინეთის ხელისუფლების მიერ გადადგმულ ქმედით ნაბიჯებზე ინფორმაცია მიაწოდა, ნათქვამია უწყების ვებ-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

დღეიდან საქართველოში კორონავირუსის დიაგნოსტირება იქნება შესაძლებელი

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ვითარების გაუმჯობესების მიზნით ჩინეთი აქტიურად თანამშრომლობს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასთან. ლი იენმა განსაკუთრებული მადლიერება გამოხატა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადების გამო და აღნიშნა, რომ ასეთ მძიმე წუთებში მხარდაჭერის გამოხატვა განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია.

თავის მხრივ, ხვთისიაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველომ პარტნიორების დახმარებით ჩინეთიდან რამდენიმე მოქალაქის ევაკუირება მოახდინა და მადლობა გადაუხადა ჩინურ მხარეს ამ პროცესში თანამშრომლობისთვის.

კვირას ფრანგულმა მხარემ საქართველოს ორი მოქალაქის ევაკუაცია განახორციელა. საგარეო უწყების ინფორმაციით, მოცემულ მომენტში ისინი საფრანგეთის ერთ-ერთ სამედიცინო დაწესებულებაში იმყოფებიან, სადაც კარანტინში ექიმების ზედამხედველობის ქვეშ ორი კვირის განმავლობაში დარჩებიან. ერთი დღით ადრე, შაბათს თურქეთის მოქალაქეებთან ერთად უჰანიდან საქართველოს სამი მოქალაქე გამოიყვანეს. ისინიც კარანტინში ორი კვირის განმავლობაში დარჩებიან ანკარაში.

„(შეხვედრაზე) აღინიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს მოსახლეობის მაქსიმალური ინფორმირებისთვის, რათა მინიმუმამდე იქნას დაყვანილი საკითხის არასწორი ინტერპრეტირება და თავიდან იქნას აცილებული ზედმეტი მღელვარება. მინისტრის მოადგილემ იმედი გამოთქვა, რომ ჩინეთი უმოკლეს ვადებში შეძლებს ვირუსის გავრცელების შეჩერებას და აღნიშნულ პროცესში ჩინეთის სამთავრობო წრეებთან მჭიდრო თანამშრომლობის მზადყოფნა გამოთქვა", – ნათქვამია განცხადებაში.

საგარეო უწყება: ჩინეთიდან ევაკუირებულ საქართველოს მოქალაქეებს კორონავირუსი არ აღმოაჩნდათ

ჩინეთის ხელისუფლებამ 2019 წლის 31 დეკემბერს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას ქალაქ უჰანში დაუდგენელი ტიპის პნევმონიის აფეთქების შესახებ აცნობა. სპეციალისტებმა დაადგინეს, რომ საქმე აქვთ კორონავირუსთან 2019-nCoV. ბოლო მონაცემებით ჩინეთის ტერიტორიაზე ვირუსის შედეგად 361 ადამიანი დაიღუპა. ახალი ტიპის კორონავირუსით გამოწვეული პნევმონიით დაავადებულთა რაოდენობამ 17,2 ათას ადამიანს გადააჭარბა, 150-მდე დაავადებული ქვეყნის საზღვრებს გარეთ დაფიქსირდა, რომელთაგან ერთი ადამიანი გარდაიცვალა ფილიპინებზე. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ვირუსის აფეთქებას საერთაშორისო მნიშვნელობის საგანგებო სიტუაცია უწოდა.

საქართველოში კორონავირუსთან დაკავშირებით გაძლიერებულია უსაფრთხოების ზომები. დროებით შეჩერებულია ავიამიმოსვლა ჩინეთთან, აიკრძალა ამ ქვეყნიდან ცხოველების იმპორტი, დაწესდა კონტროლი აეროპორტებსა და საზღვრებზე, მთელ ქვეყანაში მიმდინარეობს სერიოზული საინფორმაციო კამპანია მოსახლეობაში.