ხობში 50 წლის მამაკაცის მკვლელობა: ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა

ბრალდებულის ადვოკატი ირაკლი აქირთავას 5 000 ლარიანი  გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვდა, პროკურორი კი აცხადებდა, რომ დაკავებული არ არის გაწონასწორებული პიროვნება და მას დანაშაულის ჩადენა შელაპარაკების გამოც შეუძლია.
Sputnik

თბილისი, 3 თებერვალი - Sputnik. ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველ მაისში მომხდარ მკვლელობასა და დაჭრაში ბრალდებულ 24 წლის ირაკლი აქირთავას აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

ხობში 50 წლის მამაკაცის მკვლელობა: დაკავებულია ერთი პირი

ირაკლი აქირთავამ ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველ მაისში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე 50 წლის კაცი მისსავე საცხოვრებელ სახლში ცივი იარაღით დაჭრა, რის შემდეგაც, მიმალვის მიზნით, ახლომდებარე სახლში შევიდა და იქ მცხოვრებ, 77 წლის ქალს ბლაგვი საგნით სხეულზე დაზიანება მიაყენა.

მამაკაცი მიყენებული ჭრილობებით საავადმყოფოში გარდაიცვალა, ხოლო დაშავებულ ქალს გადაუდებელი ოპერაცია ქუთაისის ინტერვენციული მედიცინის ცენტრში ჩაუტარდა. პაციენტი რეანიმაციულ განყოფილებაში, მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

მოსამართლე შოთა ბიჭიამ სრულად დააკმაყოფილა პროკურორ დიმიტრი ხვიტიას შუამდგომლობა აღკვეთის ღონისძიებასთან დაკავშირებით.

პროკურორ ხვიტიას თქმით, პატიმრობის შეფარდება დანაშაულის სიმძიმისა და ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხის გამო მოითხოვა. პროკურორი ასევე მიიჩნევს, რომ აქირთავა არ არის გაწონასწორებული პიროვნება და მას შეუძლია მხოლოდ შელაპარაკების გამო ჩაიდინოს დანაშაული.

ხობში სტუმარმა სახლის მასპინძელი დაჭრა >>

ბრალდებულის ადვოკატი კი  ირაკლი აქირთავას 5 000 ლარიანი  გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვდა.

ადვოკატის გაცხადებით, აქირთავა თავს დამნაშავედ არ ცნობს. ხოლო თავად ბრალდებული კი დუმილის უფლებას იყენებს.

საქმეზე გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.