საგაზაფხულო სესია: საქართველოს პარლამენტი 4 თებერვალს მუშაობას იწყებს

საგაზაფხულო სესიის ფარგლებში პარლამენტი მოისმენს საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარის, პრეზიდენტის, პრემიერ-მინისტრისა და სახალხო დამცველის წლიურ ანგარიშებს.
Sputnik

თბილისი, 3 თებერვალი — Sputnik. საქართველოს პარლამენტი 4 თებერვალს საგაზაფხულო სესიას ხსნის. 

ახალი საპროტესტო ტალღის მოლოდინში: ოპოზიციის გეგმები და ხელისუფლების რეაქცია

საკანონმდებლო ორგანოს პირველი სხდომა პოლიტიკური განცხადებებით დაიწყება, რის შემდეგაც დეპუტატები იმ კანონპროექტების განხილვას შეუდგებიან, რომლებიც პლენარული კვირის დღის წესრიგში დაამტკიცა პარლამენტის ბიურომ. 

საგაზაფხულო სესიის ფარგლებში პარლამენტი მოისმენს საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარის, პრეზიდენტის, პრემიერ-მინისტრისა და სახალხო დამცველის წლიურ ანგარიშებს, ასევე აირჩევს გენერალურ პროკურორსა და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს. 

გამომდინარე იქიდან, რომ ოპოზიცია საპროტესტო აქციების განახლებას გეგმავს, საგაზაფხულო სესიის პირველი დღე პარლამენტისთვის მარტივი არ იქნება. ოპოზიციური პარტიების ლიდერებმა განაცხადეს, რომ პარლამენტის შენობის პიკეტირებას და მმართველი პარტიის დეპუტატებისთვის „სირცხვილის დერეფნის“ მოწყობას გეგმავენ. 

ოპოზიციის მოთხოვნები უცვლელია: დასრულდეს საარჩევნო რეფორმა და საპარლამენტო არჩევნები 2020 წელს პროპორციული სისტემით გაიმართოს.